მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ენტერობაქტერიის ხუთი სხვადასხვა შტამი აღმოაჩინეს. ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მეცნიერებმა ორგანიზმები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტუალეტიდან და სავარჯიშო მოწყობილობებიდან აღებულ ნიმუშებში იპოვნეს.

ნაპოვნი ორგანიზმები მეცნიერებმა დედამიწაზე არსებული ენტერობაქტერიის 1 291 სხვადასხვა შტამთან შეადარეს და დაადგინეს, რომ სადგურზე აღმოჩენილი კონკრეტული შტამები პათოგენურია, ანუ მათ დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოწვევის უნარი აქვთ.

"ბაქტერიის ეს სახეობები მომავალი კოსმოსური მისიებისთვის პოტენციური საფრთხეა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სადგურზე ამჟამად ნაპოვნი ბაქტერიები ვირულენტური არ არის, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ასტრონავტების დაავადების საფრთხე არ არსებობს, თუმცა აღნიშნული საკითხი ყურადღებას საჭიროებს", - აცხადებს კვლევის ავტორი ნიტინ სინგი.

მეცნიერებს სურდათ დაედგინათ, გააჩნდა თუ არა აღმოჩენილ შტამებს სხვადასხვა მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულობა. ამის გასარკვევად, მათ ისინი დედამიწაზე არსებულ რეზისტენტულ შტამებს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ მათ მრავალმხრივი რეზისტენტულობა მართლაც ახასიათებდათ.

ეს კოსმოსურ სადგურზე ბაქტერიების აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს ასტრონავტებმა ბაქტერია სადგურის გარე კედლებზეც იპოვნეს, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს ბაქტერიები სადგურზე ერთ-ერთმა ხომალდმა შემთხვევით აიტანა. ამჟამად ეკიპაჟის წევრებს სადგურზე სპეციალური აპარატურაც გააჩნიათ, რომელთა საშუალებითაც მათ მიკრობების აღმოჩენა და იდენტიფიცირება შეუძლიათ.

კოსმოსურ ხომალდებზე პათოგენური ორგანიზმების შესაძლო არსებობა საფრთხის შემცველია. პლანეტათშორისი მოგზაურობების დროს, ეკიპაჟის წევრებს ექიმთან ვიზიტის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ ექნებათ, ამიტომ აუცილებელია, რომ ასეთი მისიების დროს დაავადებების განვითარების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.