მერილ სტრიპთან თანამშრომლობა ყველა რეჟისორის, პროდიუსერისა და მსახიობის ოცნებაა. სხვანაირად წარმოუდგენელიც კი არის, ის ცოცხალი ლეგენდა და ჰოლივუდის ყველაზე ნიჭიერი მსახიობია.

რა თქმა უნდა, მასთან თანამშრომლობის მსურველთა ძალიან გრძელ რიგში HBO-ს პოპულარული სერიალის, დიდი პატარა ტყუილების შემქმნელებიც იდგნენ და 2018 წლის დასაწყისში, ცნობილიც გახდა, რომ სტრიპი ემის და ოქროს გლობუსის მფლობელი შოუს მეორე სეზონში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს განასახიერებს.

სამი ოსკარის მფლობელი სტრიპი Big Little Lies-ში ალექსანდრ სკარსგარდის პერსონაჟის დედის როლს მოირგებს. შესაბამისად გამოდის, რომ ის ნიკოლ კიდმანის პერსონაჟის დედამთილის ამპლუაში მოგვევლინება.

როგორც სტრიპის შოუში მონაწილეობა დადასტურდა, მაშინვე გახდა ცნობილი, რომ მისი მისვლის შემდეგ, სცენარი შეიცვალა.

გარდა ამისა, მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერიალში თამაში მერილს ნიკოლ კიდმანმა შესთავაზა.

"მეორე სეზონის წერის პროცესში ვიყავი, პროდიუსერებს პერის [ალექსანდრ სკარსგარდი] პერსონაჟის დედაზე ვესაუბრე და ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა ამ როლში მერილი მენახა. პროდიუსერებმა ხმამაღლა გაიცინეს და თქვეს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. შემდეგ ავიღე ტელეფონი და ნიკოლს დავურეკე, ვუთხარი, რომ მერილი მჭირდებოდა. ვიცოდი ეს გაჭრიდა, ნიკოლი და მერილი დიდი ხნის მეგობრები არიან. როგორც ხედავთ ეს გამოვიდა, შესაბამისად მომიწია, რომ სცენარისთვის გადამეხედა და ბევრი დეტალი შემეცვალა", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი ლიან მორიარტი.

თუმცა, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, სტრიპმა ამ როლზე თავი თავად დაიმტკიცა, ყველაფერი კი ოქროს გლობუსის ცერემონიაზე მოხდა.

2018 წლის 8 იანვარს, ცერემონიის დასრულების შემდეგ, მერილი ნიკოლ კიდმანთან მივიდა და უთხრა, რომ სერიალში უნდოდა თამაში, შემდეგ კი პროდიუსერებს კონკრეტულ პერსონაჟზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა.

"ის წვეულების დროს ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ სერიალში მონაწილეობა უნდოდა, თანაც ისე, რომ სცენარი წაკითხულიც არ ჰქონდა. შოკში ვიყავით. წარმოიდგინეთ, ყველას ოცნება ახდა. უდიდესი პრივილეგიაა, როდესაც ისეთი ადამიანების გვერდით გიწევს თამაში, როგორებიც მერილი, სუზან სარანდონი, გლენ ქლოუზი, მეგი სმიტი ან ჯუდი დენჩი არიან", - ამბობს ინტერვიუში ნიკოლ კიდმანი.