იმ დროს, როცა ამერიკაში ყველა მადლიერების დღისთვის ემზადებოდა, ფეისბუქმა ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღიარა, რომ ოპოზიციური კვლევის ორგანიზაცია დაიქირავა, რომელიც ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებდა.

ფეისბუქის ამ ნაბიჯს წინ უძღვოდა სოროსის მხრიდან სოციალური ქსელის მიმართ საჯარო კრიტიკა.

ფეისბუქის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ელიოტ შრეიჯმა განმარტა, რომ კომპანია Definers Public Affairs-ის დაქირავება მისი გადაწყვეტილება იყო:

"2018 წლის იანვარში, ინვეტორი და ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი, დავოსში სიტყვით გამოსვლისას ფეისბუქს დაესხა თავს და სოციალურ ქსელს საზოგადოებისთვის საფრთხე უწოდა. ჩვენ მისგან მსგავსი კრიტიკა მანამდე არ გვსმენია და გვსურდა გაგვერკვია, იმალებოდა თუ არა ფინანსური მოტივაცია ამ სიტყვების მიღმა. სწორედ ამის გამოძიება დაიწყო Definers-მა".

შრეიჯის სიტყვებით, კომპანიამ გამოარკვია, რომ სოროსი იმ კოალიციის წევრებს აფინანსებდა, რომელიც მართავდა კამპანიას Freedom from Facebook [გავთავისუფლდეთ ფეისბუქისგან].

შერილ სანდბერგი და ელიოტ შრეიჯი

ფოტო: James Lawler Duggan / Reuters

შრეიჯის განცხადებამდე, მარკ ცუკერბერგი და ფეისბუქის მთავარი ოპერაციული დირექტორი შერილ სანდბერგი აცხადებდნენ, რომ სოროსის წინააღმდეგ PR კომპანიის დაქირავებაზე ინფორმაციას არ ფლობდნენ.

თუმცა სანდბერგმა აღიარა, რომ მას აღნიშნულ კომპანიაზე ინფორმაცია ჰქონდა, რომელიც არ ახსოვდა. ის ირწმუნება, რომ ფეისბუქის მიზანი არასდროს ყოფილა სიძულვილის გავრცელება და სოროსის წინააღმდეგ ანტისემიტური შეთქმულების თეორიების აგორება.

14 ნოემბერს, New York Times-მა ფეისბუქს ვრცელი, კრიტიკული სტატია მიუძღვნა, რომლის მიხედვითაც, პოპულარული სოციალური ქსელი კრიზისულ სიტუაციებს არაჯანსაღად უდგება. სწორედ სტატიაში ეწერა, რომ ფეისბუქმა სოროსის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ხოლო მარკ ცუკერბერგმა თავის თანამშრომლებს ანდროიდის გამოყენება მოსთხოვა, მას შემდეგ, რაც ეფლის დირექტორმა ტიმ კუკმა ფეისბუქი საჯაროდ გააკრიტიკა.

Wall Street Journal-ის მიხედვით, შერილ სანდბერგმა შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს. თუმცა, ეს ინფორმაცია მარკ ცუკერბერგმა CNN-თან უარყო.