ეკონომიკის სამინისტრო ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რეგლამენტის ცვლილების შემდეგ ცენტრებში ვიდეომეთვალყურეობის უწყვეტ რეჟიმში (LIVE) უზრუნველყოფის მოთხოვნები განისაზღვრება.

პროექტი ამ ეტაპზე გადის იურიდიულ ექსპერტიზას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რის შემდგომაც მთავრობას წარუდგენენ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი განმარტავს, რომ პროექტით, აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრი ვალდებული იქნება აწარმოოს საინფორმაციო ბაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება დეტალური და სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება.

როგორ იმუშავებს Live-დაკვირვების რეჟიმი

ცვლილების პროექტის თანახმად, ინსპექტირების ცენტრი ვალდებული იქნება ტესტირების სივრცის სრული მოცულობით ტრანსლირება აწარმოოს. მიღებული ჩანაწერები კი უნდა შეინახონ არანაკლებ 14 თვის ვადით.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში გაკეთებული ჩანაწერი ინსპექტირების პროცესის სრული ციკლის ნახვის საშუალებას უნდა იძლეოდეს, მათ შორის, ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნისა და ინსპექტირების პროცესისთვის გამოყოფილი პერიმეტრების იდენტიფიცირების საშუალებას.

რატომ მკაცრდება ინსპექტირების პროცესი

მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი განმარტავს, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან, მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექნიკური ინსპექტირების სავალდებულო პერიოდის დაწყებას მომზადებულები უნდა შეხვდნენ.

მისივე ცნობით, ცვლილების შეტანის საფუძველი გახდა ისიც, რომ ტექნიკური ინსპექტირების პირველი სამი ეტაპის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა ხარვეზები.

აკაკი საღირაშვილის შეფასებით, არსებული რედაქციის თანახმად, არასაკმარისადაა რეგულირებული ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებული მოთხოვნები. იგი გამოყოფს იმას, რომ არ არის გათვალისწინებული ინსპექტირების ცენტრების ვალდებულება, უზრუნველყონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წვდომა უწყვეტ რეჟიმში მათ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებზე.

ამავე თემაზე: