შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ონში ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დაჭრის საქმეზე დაკავებულია 1965 წელს დაბადებული პირი.

შემთხვევა 22 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. შსს-ს ცნობით, ონის სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული პირი მუცლის არეში მიყენებული ჭრილობით მივიდა.

გამოძიების ვერსიით, დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, უწყების მტკიცებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა.

შსს-ს ინფორმაციით, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.