ტელეკომპანია იმედის გადაცემის იმედი ლაივის წამყვანმა, თეო გეგელიამ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით "ძალიან საყვარელი სასაცილო ტყუილი" უწოდა.

რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს იმედისთვის უნდა მიეცა ინტერვიუ, რომლის ტექსტიც წინასწარ იყო დაგეგმილი.

"რაც შეეხება ოქუაშვილს, მე პირადად მასთან არანაირი კითხვა არ მაქვს, ეს არის პერსონაჟი, რომელიც საყვარელი გმირია ამ არხის... მოვიდეს იმედზე, არ არის პრობლემა, მივიღებთ მას, არსებობს მასთან შეკითხვები, და, ალბათ, ბევრად უკეთ გავუტიტრავთ მეტყველებას, ვიდრე ეს გააკეთა რუსთავი 2-მა", — განაცხადა თეონა გეგელიამ.

22 ნოემბერს ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი გადაცემა კვირის აქცენტებში ამტკიცებდა, რომ ბრალდებების უარსაყოფად ხელისუფლება გარიგებას სთავაზობდა. მან, ასევე, დაადასტურა იმედისთვის წინასწარ დაგეგმილი ინტერვიუს ინფორმაცია, რომელზეც უნდა ეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია.

რუსთავი 2-ის ეთერში, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერვიუ 27 ოქტომბერს უნდა მიეცა, თუმცა ის აღარ შედგა. მისივე თქმით, დაგეგმილ ინტერვიუს წინ უძღვოდა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული "პოზიტიური" ნაბიჯები.

ოქუაშვილის განმარტებით, სახელმწიფომ გადაწყვეტილებით, ომეგა ჯგუფი აქციზებს მიიღებდა და აქციზური მარკების სამსახურმა აქციზები გასცა, ქართუ ბანკმა კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი მისცა და მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით.

ბიზნესმენის განცხადებით, რესტრუქტურიზაციით, კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, თუმცა პრემიერს რესტუქტურიზაციის გადაწყვეტილებაზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.

გეიგეთ მეტი ომეგა ჯგუფის საქმეზე.