Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, Yandex Taxi ქართულ ბაზარზე შემოვიდა და მომსახურება თბილისში დაიწყო.

იანდექს ტაქსი რუსეთში ტაქსის გამოძახების სერვისია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ტაქსის კომპანია იყენებს. რუსეთის ფარგლებს გარეთ, საქართველო რიგით მეოთხე ქვეყანაა, რომელშიც აღნიშნული მომსახურება იფუნქციონირებს. ამ დრომდე კომპანია ბელორუსის, ყაზახეთისა და სომხეთის ბაზარს ემსახურებოდა.

იანდექს ტაქსის ხელმძღვანელის, ტიგრან ხუდავერდიანის განცხადებით, სომხეთშიც და ყაზახეთშიც აპლიკაცია გაშვების დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერევანში კი აპლიკაციის გამოყენების სიხშირემ რუსეთის ბევრ მილიონიან ქალაქს გაუსწრო.

პროგრამა ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამ დროისთვის, თბილისის 11 ტაქსის კომპანიიდან იანდექს ტაქსის აპლიკაციით 200 მანქანა სარგებლობს. კომპანიაში ამბობენ, რომ სერვისი სხვა ქალაქებშიც ამუშავდება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.