პირველი ნაბიჯები

"ნამდვილად ხელახლა დავიბადე, ხელახლა ავიდგი ფეხი", — საკუთარი ამბის თხრობას არა მხოლოდ ამ სიტყვებით იწყებს, არამედ ასრულებს კიდეც. არ ავიწყდება, უხვად გასცეს მადლობა და ბევრჯერ გაიმეოროს, რამდენად ბედნიერია. მისი სულიერი განწყობა ყოველ ბგერაში იგრძნობა და უნდა ითქვას, რომ გადამდებია. საუბრის ემოციურობა კი "გაიძულებს" წარმოიდგინო, როგორ გადადგა პირველი ნაბიჯი ეტლიდან წამოდგომის შემდეგ. ეს გახარებული პაციენტის მდგომარეობაა, პაციენტის, რომელსაც მრავალხნიანი უმოძრაობის შემდეგ, ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა.

ლარისა ბაჩილავა, პაციენტი

იცით, რა კარგად ვარ? ფანტასტიურად. ფეხზე საერთოდ ვერ ვდგებოდი, გადაადგილება ძალიან მიჭირდა. ეტლით ვმოძრაობდი. იმდენად უიმედოდ ვიყავი, რომ ცხოვრების ხალისი დაკარგული მქონდა. შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა, ნამდვილი ხილული სასწაული... ეტლი, ხელჯოხი და ტკივილი ჩემი ყოველდღიურობიდან ეტაპობრივად გაქრა. ნამდვილად ხელახლა დავიბადე, ხელახლა ავიდგი ფეხი... ეს კი იმდენად ბედნიერს მხდის, რომ რუტინული საქმეების კეთებაც მიხარია. ჩემით დავდივარ, ჩემი საკუთარი ფეხებით და იცით, ეს რამდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის?! ჩემს ექიმებს მართლაც ოქროს ხელები აქვთ. უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ.

ირაკლი გოგინავა, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი

მეოთხე ხარისხის კოქსართროზი და მესამე ხარისხის სიმსუქნე — ამ დიაგნოზით შემოვიდა ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტი, რომელიც, წარმატებული მკურნალობისა და ორი ოპერაციის შემდეგ დღეს ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. ლარისა ბაჩილავა კლინიკაში შვილმა შემოიყვანა. მას გადაადგილება არ შეეძლო და ეტლით მოძრაობდა, რის გამოც უკიდურესად დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ორმხრივად მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების გამო პაციენტს ძლიერი ტკივილიც აღენიშნებოდა, რასაც თან ერთვოდა მესამე ხარისხის სიმსუქნეც. ეს ყველაფერი მას აქტივობაში ხელს უშლიდა. პაციენტის მკურნალობა, ენდოკრინოლოგთან ერთად, წონის კლების კურსით დავიწყეთ. ერთ თვეში დავინახეთ შედეგი და წინასაოპერაციო მზადებას შევუდექით. სამიზნე წონამდე დასვლის შემდეგ, დაახლოებით სამ თვეში პაციენტს პირველი ოპერაცია — მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება გავუკეთეთ, მომდევნო სამ თვეში კი იგივე ქირურგიული ჩარევა მარცხენა ფეხზე განვახორციელეთ. ამჟამად, ქალბატონი ლარისა დამოუკიდებლად გადაადგილდება. მას ჯანმრთელობასთან ერთად, როგორც თავად ამბობს, ცხოვრების ხალისიც დაუბრუნდა.