კვლევების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში იემენში შიმშილისგან ხუთ წლამდე ასაკის 85 ათასამდე ბავშვი გარდაიცვალა, წერს BBC.

მიმდინარე წლის ოქტომბერში გაერომ განაცხადა, რომ იემენში 14 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. ორგანიზაცია ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოოს, რათა შეჩერდეს სამწლიანი ომი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

იემენში სამოქალაქო ომი 2015 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც შიიტი მუსლიმების დაჯგუფებამ, ჰუსიტებმა ქვეყნის ჩრდილოეთის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიცია თავს დაესხა ჰუსიტებს. ეს უკანასკნელები კი პრეზიდენტთან ერთად იძულებული გახდნენ ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ.

გაეროს მონაცემებით, სამოქალაქო ომის პერიოდში 7 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 ათასამდე პირი დაიჭრა. ბლოკადისა და ბრძოლის გამო 22 მილიონ ადამიან ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

ამავე დროს, დახმარების ცენტრები გარდაცვლილთა ზუსტ რიცხვს ვერ ამბობენ. მათივე თქმით, იემენში სამედიცინო დაწესებულებების მხოლოდ ნახევარი ფუნქციონირებს და მოსახლეობა იმდენად ღარიბია, რომ მათ მომსახურებით სარგებლობა არ შეუძლია.

საქველმოქმედო ორგანიზაცია გადაარჩინე ბავშვები ამბობს, რომ თუ შიმშილის პრობლემა არ მოგვარდა ყოველწლიურად იემენში ბავშვების 20-30 პროცენტი გარდაიცვლება. მათივე თქმით, შიმშილისგან უფრო მეტი ბავშვი კვდება, ვიდრე ტყვიითა და ბომბით.