მდიდარი წარმოსახვის მქონე ბავშვებს ხშირად გამოგონილი პერსონაჟები ჰყავთ, რომლებიც მათ ეთამაშებიან, ელაპარაკებიან და ეხმარებიან. წარმოსახვით მეგობრებს ცუდი განზრახვა თითქმის არასდროს აქვთ, თუმცა თავდაპირველად ყველა მშობელი ღელავს, როცა ბავშვისგან მოგონილ ისტორიას ისმენს არარეალურ ადამიანებზე თუ ცხოველებზე.

ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ წარმოსახვითი მეგობრები ყოლა ბავშვებს შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებასა და სოციალური სიტუაციების უკეთ აღქმაში ეხმარება.

"მდიდარი წარმოსახვის მქონე ბავშვები არარეალურ მეგობრებს ხშირად იგონებენ. ეს მათ თავდაჯერებულობასა და სითამამეს მატებს", - აცხადებს კვლევის თანაავტორი და ფსიქოლოგი კერენ მეიჯორი.

მეიჯორის თქმით, მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან წარმოსახვითი მეგობრების მოგონება ბავშვის ნორმალური განვითარების ნაწილია. ბავშვების დაახლოებით 65 პროცენტს წარმოსახვითი მეგობარი რომელიმე ასაკში ერთხელ მაინც ჰყოლია.

კვლევები მიუთითებს, რომ უფრო ხშირად წარმოსახვითი მეგობრები დედისერთა ბავშვებს ჰყავთ - თუ ბავშვს სხვებთან თამაშის საშუალება არ აქვს, ის მეგობრებს თავად ქმნის.

წარმოსახვითი მეგობრები შეიძლება ადამიანებს, ცხოველებს, ან მულტფილმების პერსონაჟებს ჰგავდნენ. ბავშვებს მათი დახასიათება ადვილად შეუძლიათ. თქვენს ბავშვს შეიძლება ბევრი წარმოსახვითი მეგობარი ჰყავდეს, რომლებიც ერთმანეთისგან ხასიათითა და თვისებებით განსხვავდებიან.

იციან თუ არა ბავშვებმა, რომ მათი წარმოსახვითი მეგობრები რეალურად არ არსებობენ? გაგიკვირდებათ და, კი, თუმცა შეიძლება ამაზე საუბარი არ სურდეთ.

წარმოსახვითი მეგობრის ყოლა ბავშვს რთული სიტუაციების გადატანაში ეხმარება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ თქვენს ბავშვს ასეთი მეგობარი ჰყავს, მას რაიმე უჭირს.

რა ასაკში იგონებენ ბავშვები წარმოსახვით მეგობრებს?

100-დან 31 ბავშვს წარმოსახვითი მეგობრები 6-7 წლის ასაკში ჰყავს. სხვებს კი 3-4 წლის ასაკში. წარმოსახვითი მეგობრები საშუალოდ ორ წელს "ცოცხლობენ".

რითი განსხვავდება წარმოსახვითი მეგობარი ჰალუცინაციისგან?

ერთი შეხედვით, ორივე შემთხვევაში არარეალურ ისტორიებთან გვაქვს საქმე, თუმცა განსხვავება მნიშვნელოვანია:

ჰალუცინაციები ბავშვობაში საყურადღებო საქმეა, თუმცა იმდენად შემაშფოთებელი ნამდვილად არა, როგორც - ზრდასრულ ასაკში. კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვებში ჰალუცინაციები იმაზე ხშირია, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

ჰალუცინაციები ნაკლებად უკავშირდება პერსონაჟებს და რამდენიმე ტიპად იყოფა: იგულისხმება დანახვა, მოსმენა, გემოს შეგრძნება, შეხება ან ყნოსვა რაიმე ისეთის, რაც რეალური არაა.

წარმოსახვითი მეგობრები:

  • ჩნდებიან, ფუნქციონირებენ და ქრებიან ბავშვის სურვილის მიხედვით;
  • არ "ემუქრებიან" ან "აწუხებენ" ბავშვებს;
  • ხშირად დატვირთულები არიან სხვადასხვა ვიზუალური თუ შინაარსობრივი დეტალით (ბავშვებს მათი დაწვრილებით აღწერა შეუძლიათ);
  • ქრებიან ასაკთან ერთად.