სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმაურება და ანტისემიტურად აფასებს. არასამთავრობოები ამბობენ, რომ სააკაშვილის განცხადება "ებრაელ აფერისტზე" სტერეოტიპებს აძლიერებს:

"განმარტების თანახმად, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში. ანტისემიტიზმი ასევე მიაწერს ებრაელებს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს. ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე", — წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

მათივე თქმით, სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა. 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა პარტია ქართული ოცნების დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: "შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია".

"არა ფობიას" განცხადებით, ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყნის ტურისტულ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანას მხოლოდ მდიდარი ტურისტები სჭირდება.

2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: "საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ".

პლატფორმაში ამბობენ, რომ ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მისი ის განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამავე თემაზე: