ევროპული ფორუმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა, რომელშიც მაყურებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოულ ევროპულ ფილმებს ნახავს.

კინოფესტივალი არსებობის მე-19 წელსაც მრავალფეროვან სექციას გვთავაზობს და ყველა გემოვნების მაყურებელს ერგება.

ამ ეტაპზე გთავაზობთ იმ ხუთ ფილმს, რომელსაც წლევანდელ ევროპულ ფორუმში ვიხილავთ.

ომში, საფრანგეთი

ორი წლის წინ, ავტონაწილების მიმწოდებელი ქარხანა Perrin Industry და მისი 1100 თანამშრომელი, შეუერთდება გერმანულ ჯგუფ შეფერს. თანამშრომლები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მთავარი მენეჯერები და მუშები ხელფასის დაქვითვაზე თანახმა იქნებიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ კომპანია და, სულ მცირე, მომდევნო ხუთი წელიწადი სამსახური შეინარჩუნონ. ყველასათვის მოულოდნელად, გადაწყდება რომ კომპანია უნდა დაიხუროს. მუშები, მათი წარმომადგენლის, ერიკ ლორენის მეთაურობით, ამის წინააღმდეგ გამოდიან და ცდილობენ სამსახურის შენარჩუნებას. დოკუმენტურ სტილში გადაღებული ეს ფილმი, მთელი 2 საათის მანძილზე მაყურებელს მოვლენების მუდმივ ეპიცენტრში ამყოფებს.

ცივი ომი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი

ეს არის მგზნებარე სასიყვარულო ისტორია ორ განსხვავებული წარმომავლობისა და ტემპერამენტის მქონე პიროვნებას შორის. რომლებიც ბედისწერის წყალობით, სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან - 1950-იანი წლების ცივი ომის დროს პოლონეთში, ბერლინში, იუგოსლავიასა და პარიზში. პოლონეთმა სწორედ ცივი ომი შეარჩია ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.

ფავორიტი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ

მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე დედოფალი ანა ზის, თუმცა ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, დედოფალი მისით იხიბლება და სწორედ ამ დროს იწყება კონკურენცია ორ ქალს შორის და დიდი სასიყვარულო სამკუთხედი. ფილმის რეჟისორი იორგოს ლანთიმოსია.

ზეციური ცხოვრება, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, აშშ

შორეული კოსმოსი. ჩვენი მზის სისტემის მიღმა მონტე სრულ იზოლაციაში კოსმიურ ხომალდზე ცხოვრობს. მასთან ერთად მხოლოდ ერთი ბავშვია. არადა ადრე, აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც კოსმოსის ტუსაღები, სიკვდილმისჯილი პატიმრები იყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ თუ ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ სპეციალურ მისიაში, მაშინ სამუდამოდ გათავისუფლდებოდნენ პატიმრობისგან.

ლოცვა, საფრანგეთი, ბელგია 2018

22 წლის თომასი ნარკოდამოკიდებულია. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად, ის ყოფილი ნარკოდამოკიდებულების საზოგადოებას უერთდება. ჯგუფი განცალკევებით, მთებში ცხოვრობს და განსაკურნებლად ლოცვას იყენებს. თავდაპირველად, თომასს თანდათანობით სპარტანულ ყოფასთან - დისციპლინასთან, სურვილებისგან თავის შეკავებასთან, მძიმე სამუშაოსა და ხშირ ლოცვასთან - შეგუება უწევს. ის აღმოაჩენს რწმენას და, იმავდროულად, სიყვარულს. ეს მისთვის ახალი ტიპის ტანჯვაა.

ამავე თემაზე: