ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეორედ გამოაცხადა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბატონმა გიორგი ქობულიამ გახსნა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე წინა პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები ესწრებოდნენ.

"მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თითოეული ქართველის ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომელსაც შემდგომ მაღალი ღირებულების მქონე ბიზნესპროექტებად გარდავქმნით და მათი ექსპორტი მთელს მსოფლიოში მოხდება", - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე grants.gov.ge