ვირტუალური რეალობის გამოყენებით მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის Sagittarius A*-ს მოდელი პირველად შექმნეს.

რადბუდისა და გოეთეს უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელის უახლესი ასტროფიზიკური მოდელების გამოყენებით სპეციალური სურათები შექმნეს, რომელთა გაერთიანების შედეგადაც მათ 360-გრადუსიანი სიმულაცია მიიღეს. მასზე დაკვირვება ვირტუალური რეალობის სათვალეებით არის შესაძლებელი. ავტორების თქმით, აღნიშნული სიმულაცია შავი ხვრელის უკეთესად შესწავლის საშუალებას მოგვცემს.

"ვირტუალურ რეალობაში შექმნილი სიმულაცია შავი ხვრელისა და მის გარშემო არსებული გარემოს ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურ წარმოსახვას გვთავაზობს. ჩვენს სიცოცხლეში შავ ხვრელთან ფიზიკურად ვერ მოვხვდებით, ამიტომ ასეთი დეტალური ვიზუალიზაციები მათ შესასწავლად ნამდვილად გამოგვადება", - აცხადებს კვლევის თანაავტორი ჯორდი დაველაარი.

ავტორების თქმით, ვირტუალური სიმულაცია ასტრონომიისა და ასტროფიზიკისაკენ საზოგადოების ინტერესს გააღრმავებს.

"ვირტუალურ რეალობას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ის ბავშვებთან უკვე გამოვიყენეთ და მათ ამ მოდელის საშუალებით შავ ხვრელებზე ბევრი რამ ისწავლეს. ეს ნიშნავს რომ ვირტუალური რეალობის გამოყენება ისეთი რთული ობიექტების წარმოჩენისთვისაც კი შეიძლება, როგორიც შავი ხვრელია.", - აცხადებენ ავტორები.

"ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყურება შავი ხვრელი, თუმცა, მეცნიერებაში განვლილი პროგრესი უკვე საშუალებას გვაძლევს, რომ შავი ხვრელების ბევრად უფრო ზუსტი მოდელები შევქმნათ. აღნიშნული ვიზუალიზაციები მხოლოდ დასაწყისია", - აცხადებს რადბუდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაინო ფალკე.