პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში ამ კვირაში მივა. პარტია ევროპული საქართველო ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესრულების მონიტორინგის მიზნით, გახარიას პარლამენტში დაბარებას ითხოვდა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ დღესვეა შესაძლებელი კონსულტაციის საფუძველზე შეთანხმდეს შეხვედრის თარიღიც.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგნენ, როგორც საგამოძიებო ორგანოების თანამდებობის პირები, ისე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კომისიის ერთ-ერთ ბოლო საჯარო სხდომაზე გამოკითხეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. გამოძიების ფარგლებში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.

მორჩაძემ ბრალი აღიარა, გაუფრომდა საპროცესო შეთანხმება და ასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურორის თქმით, მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით დაენიშნა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.