თბილისის საქალაქო სასამართლომ კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ გორგაძე ქრთამის აღების საქმეზე დამნაშავედ სცნო.

საკრებულოს დეპუტატს ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება ედებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2018 წლის თებერვალში, თეიმურაზ გორგაძე ორ მოქალაქეს შეხვდა, რომელთაც ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლის შესახებ, კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა სურდათ. მსჯავრდებული ერთ-ერთ მათგანს დაპირდა, რომ 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მის ახლობელს შეიწყალებდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, თემურ გორგაძე მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 3 500 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. მსჯავრდებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხა ლიფტის შახტაში ჩააგდო.

საკრებულოს დეპუტატს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თემურ გორგაძე თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. იქამდე, ის ქართული ოცნების კრწანისის მაჟორიტარის ბექა ოდიშარიას ოფისის ხელმძღვანელი იყო.