ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა ჭარბვალიანობის წინააღმდეგ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით პარტიას ეკრძალება კანდიდატის თუ ამა თუ იმ სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების, მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, გარკვეული საქონლის შეთავაზება, მომსახურება, მიყიდვა, ან მიწოდება. ამასთან დაკავშირებით აუდიტს მივმართავთ,რომ შეისწავლონ ეს საკითხი და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინონ", — განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

საიას დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია ისეთი სოციალური გასაცემლების, ან/და შეღავათების დაწესება, რომელიც არჩევნების დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული:

"ასევე, საინტერესოა როგორ ფიქრობს ხელისუფლება ამის განხორციელებას, ბიუჯეტში აისახება თანხები და ისე გაიცემა, თუ როგორ? სქემა არის საინტერესო".

მისივე თქმით, 100 ლარზე მეტი ოდენობის თანხით მოსყიდვა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების საფუძველია და შესაბამისად, აუდიტის სამსახურმა საგამოძიებო ორგანოებს უნდა გადაუგზავნოს საქმე.

აუდიტის სამსახური ამომრჩევლის მოსყიდვაზე ვალების ჩამოწერის მთავრობის ინიციატივის შესწავლას არ აპირებს. როგორც მათ პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, საუბარია დიდ თანხაზე, რაც მათ მანდატსა და კომპეტენციას სცილდება:

"ამხელა თანხებს ჩვენ არ ვსწავლობთ".

არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობა "შავ სიაში" მყოფ 600 ათასი ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანებას უნულებს. საჭირო ფინანსური ტვირთი კი სულად ქართუ ჯგუფმა იკისრა.

პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
    მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილია სესხის ნაწილი.
  • ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მიკროსაფინანსო კომპანი ვივუსის კლიენტებს დავალიანება არ გაუნულდებათ. მინისტრის განმარტებით, კომპანია მოლაპარაკებების პირობებს არ დათანხმდა.