ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაც შეითავსა. The Times of Israel-ის ინფორმაციით, პრემიერმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ქვეყანა საომარი კამპანიის პირობებშია და პოლიტიკური თამაშების დრო არ არის. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ყველაზე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა.

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის გამო ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან 14 ნოემბერს გადადგა. წინა დღეებში 2014 წლის შემდეგ ღაზაში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება იყო. თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა შეთანხმებას "ტერორიზმის წინაშე კაპიტულაცია" უწოდა.

ისრაელის თვითმფრინავები 13 ნოემბერს გვიან ღამით ღაზას სექტორში პალესტინის სამხედრო ბაზებს დაესხნენ თავს. მანამდე კი პალესტინამ ისრაელის მიმართულებით 370 რაკეტა გაუშვა. ორმხრივი სარაკეტო თავდასხმების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა: ოთხი ღაზას სექტორში მაცხოვრებელი, ხოლო ერთი ისრაელის ქალაქ აშკელონში.

ორდღიანი სარაკეტო დარტყმების შემდეგ ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინასთან ზავი დადო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იღებს ჰამასის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან უნდა მიიღო "რთულია, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები". მისივე თქმით, "მტრები, ცეცხლის შეწყვეტას ევედრებოდნენ".

ავიგდორ ლიბერმანი მინისტრის პოსტზე 2016 წლიდან არის. მანამდე ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში იყო. დასავლურ მედიას არაერთხელ დაუდანაშაულებია ის ანტიარაბულ რიტორიკასა და რასიზმში.