საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა". უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ საკითხზე პატრიარქმა დღეს, 18 ნოემბერს საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესიებს შორის", — თქვა ილია მეორემ.

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. თუმცა, გასულ თვეში პატრიარქის პრესმდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორია.

მისივე განცხადებით, სინოდის სხდომა გადაწყვეტს, რა პოზიცია ექნება საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებით.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი

კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი დაიწყო. კონსტანტინოპოლის განცხადების თანახმად, გაუქმდა 1686 წელს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ნებას რთავდა კიევის სამიტროპოლია საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი სრულად გაწყვიტა. როგორც რუსული ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო და იმედი აქვთ კონსტანტინოპოლი აზრს შეიცვლის.

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ ავტოკეფალიის საკითხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი აქვს. თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. თავდაპირველად საპატრიარქომ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა.