ევროპის პარლამენტის წევრებმა ამაზონის გენერალურ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს მიმართეს და სთხოვეს, რომ საბჭოთა კავშირის სიმბოლოებით გაწყობილი ტანისამოსი და სხვა ნივთები საერთაშორისო ონლაინ შოპინგის პლატფორმიდან ამოეღო.

ევროპელი კანონმდებლების ღია წერილის მიხედვით, საბჭოთა კავშირის სიმბოლოიანი ნივთები რეჟიმის მსხვერპლებსა და მათ ოჯახებს შეურაცხყოფას აყენებს.

იქამდე, სანამ პარლამენტარები მსოფლიოს უმდიდრეს კაცს მიმართავდნენ, ამერიკის გიგანტურმა გაყიდვების ქსელმა ვოლმარტმა პირობა დადო, რომ იმ ნივთების გაყიდვას შეწყვეტდა, რომლებზეც ნამგალი და ურო იყო გამოსახული.

წერილი 27-მა ევროპარლამენტარმა დაწერა და მათი ნაწილი საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებიდანაა. წერილში ასახულია ამაზონზე განთავსებული ისეთი ნივთები, როგორიცაა მაისური, კოსტიუმი, დროშა, სუვენირები და სხვა.

"საბჭოთა კავშირის რეჟიმს 60 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იმ პერიოდში 10 მილიონზე მეტი ადამიანი ციმბირში გადაასახლეს, სადაც ისინი კარვებში, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ, შიმშილობდნენ და განიცდიდნენ ფიზიკურ ძალადობას. მათ აიძულებდნენ მძიმე შრომას.

სისხლიანი ტერორი და არაჰუმანურობა რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. ტრაგიკულ შედეგებს უამრავი ოჯახი დღემდე განიცდის", - წერენ ევროპარლამენტარები.

საბჭოთა კავშირით შთაგონებული სტილი რუსი დიზაინერების შემოქმედებაში აქტიურად გვხვდება. ნამგალი და უროს სიმბოლოები გამოსახულია დემნა გვასალიას მიერ შექმნილ კოლექციაშიც.

ვეტმოს $770-იანი ჰუდი, რომელიც კიმ კარდაშიანსაც ეცვა.