სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარი პოსტერებიდან და მხარდამჭერი კონცერტებიდან გაქრა, ინტერნეტში აქტიურობს. ცოტა ხნის წინ მან საკუთარ გვერდზე ხატია ბუნიათაშვილის შესახებ მომზადებული ფილმის 48 საათი საქართველოში პოსტერი გამოაქვეყნა და პიანისტს მადლობა გადაუხადა. პოსტი, რომელიც განზრახ ან შემთხვევით ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს მუსიკოსი სწორედ ზურაბიშვილს უჭერს მხარს, ამ მომენტში წაშლილია.

ფოტო: Facebook

გთავაზობთ კიდევ 10 ფილმს, რომელიც, ერთი შეხედვით, სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს:

1. 48 Hrs. / 48 საათი (1982)

ფოტო: Paramount Pictures

პოლიციელ ჯეკ გეითსს (ნიკ ნოლტს) საშიში მკვლელის დასაჭერად დახმარება სჭირდება. ამისთვის მას ციხიდაინ რეგი ჰემონდი (ედი მერფი) გამოჰყავს. დუეტს მხოლოდ 48 საათი აქვს სამოქმედოდ.

2. 48 Christmas Wishes / 48 საშობაო სურვილი (2017)

ფოტო: Liam MacDonald

უმცროს ელფებს, რომლებმაც ერთი ქალაქის საშობაო წერილები დაკარგეს, სახლის დატოვება უხდებათ. ისინი ცდილობენ, პატარა ქალაქის ცხოვრებას შეეჩვიონ და, პარალელურად, ყველა "დაკარგული" სურვილი აასრულონ.

3. 48 Hours to Live / 48 საათი ცხოვრებისთვის (2016)

ფოტო: Tri Destined Studios

მისტიკური და კრიმინალური ჟანრების საზღვარზე მყოფი ეს ფილმი მარტოხელა მედისონის შესახებ გვიყვება, რომელიც სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ თავისი დის მკვლელობის გამოძიებას იწყებს.

4. 4:48 (2014)

ფოტო: Jacky Katu

დამწყები მსახიობი როლში იმდენად შედის, რომ პერსონაჟის სექსუალური თავგადასავლების გამეორებას იწყებს, რაც მის პირად ცხოვრებაში ნამდვილ ქაოსს ქმნის.

5. Junction 48 / კვანძი 48 (2016)

ფოტო: Metro Communications

ამ ფილმს იმ შემთხვევაში უნდა უყუროთ, თუ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს ზედაპირულად მაინც იცნობთ. თანაც, კვანძი 48 თელავივის ჰიპ-ჰოპ სცენაზეც შეგიქმნით წარმოდგენას.

6. 48 Hours and 1 Minute / 48 საათი და 1 წუთი (2018)

ფოტო: Michael Thyer

დედა გადაწყვეტს, მცირეწლოვანი ბავშვები თავად მოძებნოს, რადგან პოლიცია მხოლოდ 48 საათის გასვლის შემდეგ აპირებს საქმეში ჩართვას. ფილმი ჯერ არ გამოსულა და, სამწუხაროდ, მეორე ტურამდე ვერც მოასწრებს გამოსვლას.

7. 48 Shades / 48 ელფერი (2006)

ფოტო: Prima Productions

თინეიჯერი ბიჭი სკოლის ბოლო წელს დეიდასთან გადადის საცხოვრებლად და მოულოდნელად, მისი მეგობრით იხიბლება. ფილმი ნიკ ერლსის წიგნზეა დაფუძნებული, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მოგებული. უცნობია, წიგნიც უჭერს თუ არა სალომე ზურაბიშვილს მხარს.

8. The Last 48 Hours of Kurt Cobain / კურტ კობეინის ბოლო 48 საათი (2007)

ფოტო: Frank Micelotta / Getty Images

სანამ კურტ კობეინი თავს მოიკლავდა, ის ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა (თუ გადამალეს?) რა ხდებოდა ამ ერთი კვირის განმავლობაში - არავინ იცის. ეს დოკუმენტური ფილმი იმ ადამიანების ინტერვიუებს აერთიანებს, რომლებიც კობეინს კარგად იცნობდნენ.

9. Another 48 Hrs. / კიდევ 48 საათი (1990)

ფოტო: Paramount

ჯეკ გეითსს კიდევ ერთხელ სჭირდება ყოფილი პატიმრის, რეგი ჰემონდის დახმარება - ამჯერად ნარკობარონ აისმენის შესაპყრობად, რომლის გავლენაც მთელ სან-ფრანციკოზე ვრცელდება.

10. 48 Hours a Day / 48 საათი დღეში (2008)

ფოტო: La Mouche du Coche Films

ახალგაზრდა საქმიანი ქალი რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, რათა ქმარს საოჯახო საქმეებში დახმარება აიძულოს. ფრანგი რეჟისორი კეტრინ კასტელი ამ თითქოსდა ბანალურ ამბავს უჩვეულო კომიკურობით აცოცხლებს.

ეს ბოლო ფილმი კი ბონუსად მოვიტოვეთ:

Salomé / სალომე (2013)

ფოტო: Stonelock Pictures

ბიბლიური თქმულების მიხედვით შექმნილ ამ ფილმში ალ პაჩინო და ჯესიკა ჩესტეინი თამაშობენ. ამაზე მეტს კი ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით, რადგან ჩვენც არ გვინახავს.