გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადმინისტრაციის უფროსს, თემურ მანველიშვილს, რომელმაც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვიანი ვედრო დაამხო, მხოლოდ საყვედური გამოუცხადა.

როგორც მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. თემურ მანველიშვილმა კი On.ge-სთან საუბარი ამ საკითხზე არ ისურვა.

აღნიშნული ინციდენტი გორის მერიასთან საპროტესტო აქციის შემდეგ 10 ოქტომბერს მოხდა. მაქარაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე აქტივისტვი პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო. როგორც პროკურატურამ On.ge-ს განუმარტა, მაქარაშვილმა და მისმა ადვოკატმა ითხოვეს, რომ საქმეზე კვალიფიკაცია შეცვლილიყო 144-ე მუხლის მე-3 პრიმა მუხლით, რომელიც მოიცავს პირის დამცირებას, ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

უწყების განმარტებით, შეესაბამება თუ არა კანონის მიხედვით, გიგა მაქარაშვილის მდგომარეობა მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნას, დადგინდება საქმეზე დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზით, რომლის პასუხიც გამოძიებას ჯერ არ მიუღია.

"შესაბამისად, მაქარაშვილის დაზარალებულად ცნობას სჭირდება საფუძველი, ამ შემთხვევაში სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა მაქარაშვილი ცნობილი დაზარალებულად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.