მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ბილბორდებიდან მისი ფოტოს გაქრობის შესახებ დასმულ შეკითხვას მოკლედ უპასუხა:

"ყველგან ვარ, სადაც უნდა ვიყო".

დღეს, 16 ნოემბერს აშშ-ს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ ზურაბიშვილმა მედიასთან მხოლოდ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა, სხვა კითხვები კი უპასუხოდ დატოვა.

სალომე ზურაბიშვილის ახალი ბილბორდები

15 ნოემბერს დილიდან თბილისსა და ბათუმში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ბანერები გამოჩნდა, რომელზეც თვითონ ზურაბიშვილის ნაცვლად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე არიან გამოსახული.

პარტია ქართული ოცნება ბილბორდებზე ლიდერების გამოჩენას პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნის. პარტიაში აცხადებენ, რომ მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანიც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არაფერია განსაკუთრებული, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც.

პარლამენტის დეპუტატის ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების ერთიანობის ხაზგასმა მეორე ტურის ახალი ბილბორდების მთავარი გზავნილია.

საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე ქართული ოცნების კაცი ლიდერების გამოჩენა "შოკისმომგვრელი სექსისზმი და სიბეცეა".

პატარაიას თქმით, ზურაბიშვილს სახე წაართვეს და მისი სახელი კაცებმა მიიტაცეს, რადგან ჰგონიათ, რომ სალომე არ ვარგა პოლიტიკოსად და თვითონ უკეთესები არიან. ეს კი, მისივე თქმით, "ყველა ქალის შეურაცხყოფაა და არა მხოლოდ სალომესი".