ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართველმა ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ ბიზნესმენ, ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მოძიების ბიზნესი უკანონოდ მიითვისა კომპანიისაგან, რომელშიც ის მუშაობდა. შესაბამისი განცხადება ბრალდების მხარემ, Salford Capital Partners Inc- მა გაავრცელა.

15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქართველი ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიანი ქონების მოძიების/შეგროვების პროცესი უკანონო იყო.

10 წლის წინ დიდ ბრიტანეთში ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მის რამდენიმე მილიარდ დოლარად შეფასებულ ქონებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები დაიწყო.

"2018 წლის პირველ ნოემბერს ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა რომ სამმა პირმა ირაკლი რუხაძემ, იგორ ალექსეევმა და ინგლისელმა იურისტმა, ბენ მარსონმა შეთქმულება მოაწყო და "სერიოზულად" დაარღვია კომპანიის (რომლის თანამშრომლებიც ისინი იყვნენ) ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციალური) ვალდებულება, რათა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების უფლება უკანონოდ მოეპოვებინათ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხურაძის, ალექსეევისა და მარსონის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება, რათა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვების პროცესში მათ მიერ მითვისებული თანხები უკან დაბრუნდეს.

პატარკაციშვილის აქტივების მოძიების ბიზნესის საქმე

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისმა ყოფილმა ცოლმა, ოლგა საფონოვამ, ოლიგარქმა, ბორის ბერეზოვსკიმ და ოჯახის ნათესავმა ჯოზეფ ქეიმ პრეტენზია გამოთქვა მის ქონებაზე და დაიწყო სამართალწარმოება სხვადასხვა იურისდიქციებში. პატარკაციშვილს ანდერძი არ ჰქონდა.

პატარკაციშვილის აქტივების დაცვის და შეგროვების ამოცანა თავდაპირველად მისმა ოჯახმა Salford Capital Partners Inc- ს (Salford, სალფორდი) მიანდო. კომპანიას უნდა მოეძიებინა პატარკაციშვილის აქტივები, რომელიც სხვადასხვა ადამიანზე იყო გაფორმებული და ის ოჯახისთვის დაებრუნებინა. კომპანია სალფორდი პატარკაციშვილის მრჩეველი და პარტნიორი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. სალფორდის აღმასრულებელი დირექტორისა და მფლობელის, იუჯინ ჯაფეს ხელმძღვანელობით კომპანიის რიგი მაღალი რგოლის თანამშრომელი პატარკაციშვილის ქვრივს ქონების დაცვაში ეხმარებოდა. თავდაპირველად მათ შორის იყო ირაკლი რუხაძე, იმ დროისათვის სალფორდის დირექტორი, ასევე იგორ ალექსეევი და ინგლისელი იურისტი ბენ მარსონი.

სამი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთის მხრივ სალფორდსა და მეორეს მხრივ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა, რასაც 2011 წელს მათი კომპანიიდან გაშვება მოჰყვა.

სალფორდის მიერ შექმნილმა Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მ, სამართალწარმოება დაიწყო რუხაძის, ალექსეევის და მარსონის წინააღმდეგ. ორწლიანი დავისა და ოთხკვირიანი სასამართლო პროცესის დასასრულს მოსამართლე ქოქერილმა დაადგინა, რომ სამმა მოპასუხემ მოსარჩელეს წაართვა გამზადებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. მოსამართლემ ასევე დაადგინა რომ სამეულმა მოამზადა შეთქმულება და იმ მიზნით გამოეყო სალფორდს, რომ მიეთვისებინა აქტივების მოძიება/შეგროვების სარგებლიანი პროექტი. მოსამართლემ დაასაბუთა: "ამ გარემოებებით ვადგენ რომ შეთქმულება დაგეგმილი იყო და მისი პირობები შეთანხმებული იყო მოპასუხეებს შორის".

მოსამართლემ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მათი, როგორც მაღალი რგოლის თანამშრობლების, მოსარჩლის მიმართ არსებული "სერიოზული" ფიდუციარული ვალდებულებები.

მან განაცხადა: "ეჭვგარეშეა, რომ ფიდუციარული ვალდებულების კონტექსტში, მათი ქმედებები მოღალატეობრივია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი იმისთვის რომ თვითონ წარემართათ აქტივების მოძიება/შეგროვების მომგებიანი პროექტი სალფორდთან გაყრის შემდგომ. მე ვასკვნი, რომ სამივე მოპასუხემ დაარღვია ფიდუციარული ვალდებულებები".

ირაკლი რუხაძის დახასიათებისას, მოსამართლე ქოქერილმა განაცხადა: "დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ უჭირს მოიტყუოს, თუ მას ეს გამართლებულად მიაჩნია; მე დავადგინე რომ მისი ჩვენებები გარკვეულ საკითხებში, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო ხანდახან იქვე მოგონილი და მისივე ადვოკატების ჩვენებებს ეწინააღმდეგებოდა ისე, რომ ეს საქმის მოგებაში დახმარებოდა.

მოსამართლე ქოქერილმა ასევე აღნიშნა რომ, მარსონის არასერიოზული დამოკიდებულება დაცვის მიერ ჭეშმარიტების დეკლარაციის (Statement of Truth) არასწორად გამოყენების მიმართ იურისტის კვალიფიკაციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

სალფორდიდან გამოყოფის შემდეგ სამმა მოპასუხემ დაასრულა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოპასუხეებმა რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო ლიბერთი ბანკის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, მაგთიკომისა და ჰაიდელბერგცემენტის აქციების შესყიდვა. მათვე დააარსეს სასამართლო დავების დაფინანსების კომპანია. ამჟამად მომჩივანის ადვოკატები ემზადებიან შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯებისათვის საკომპენსაციო თანხების მოსაპოვებლად. პატარკაციშვილის ოჯახს სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და ამისათვის მოპასუხეებმა ასეულობით მილიონი დოლარის გასამრჯელო მიიღეს.

Recovery Partners-ის წარმომადგენელმა განაცხადა: "ეს არის სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავიბრუნოთ თანხები რომელსაც მივიღებდით რომ არა მოპასუხეების კონსპირაციული ქმედებები, რომლითაც სალფორდს წაერთვა კუთვნილი ბიზნეს შემოსავლები.

ახლა დაიწყება სასამართლო პროცესის მეორე ეტაპი, რომლის დროსაც სასამართლო განსაზღვრავს, თუ რა დაკარგა სალფორდმა მოპასუხეების ქმედებების შედეგად და რა მოიპოვეს მოპასუხეებმა უკანონოდ. მეორე ეტაპის ბოლოს, სასამართლო გასცემს განკარგულებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი დანაკარგის კომპენსირება მოპასუხეების მიერ - ზარალის ანაზღაურებით თუ მოპასუხეების მიერ უკანონოდ მიღებული მოგების ჩვენთვის დაბრუნებით".