შესაძლოა გგონია, რომ სახლში, შენი საძინებლის დიდ და ლამაზ სარკეში გადაღებულ სელფის არაფერი სჯობს; ან პირიქით - საკუთარი ინტერიერი საკმაოდ მოგბეზრდა და სიახლის ძიებაში ხარ; ან იქნებ შენი ფიდი სულაც არაა ერთფეროვანი, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ რაღაც აკლია… ნებისმიერ ამ (და არამარტო) შემთხვევაში, შენთვის არაჩვეულებრივი სია გვაქვს: ეს არის 8 საუკეთესო ადგილი თბილისში, სადაც შენი იდეალური ინსტაგრამ-ფოტოს გადაღება შეგიძლია:

1. Kaleidoscope House

მისამართი: ბეთლემის 3

სახლი-კალეიდოსკოპი ერთი პატარა ხის სახლია ბეთლემის ქუჩაზე, რომელიც ძალიან ძველი რომ არ იყოს, იფიქრებდი, თითქოს სპეციალურად ინსტაგრამისთვის ააგეს. მისი ვიტრაჟები ულამაზესი მინებითაა გაფორმებული და ინსტაგრამისთვის ზედგამოჭრილ ბექგრაუნდს ქმნის. ამ ფერადი ორნამენტების ფონზე შეგიძლია ნებისმიერი თემატიკის, კონტექსტის თუ რაკურსის ფოტო გადაიღო. ამასთან, სახლი ვინტაჟურია, თუმცა ეს ორნამენტები თანამედროვე იერსაც აძლევს და შენი ფოტო ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის თვალისმომჭრელი იქნება.

2. Fabrika

მისამართი: ნინოშვილის 8

სრულიად საქართველოს პოსტმოდერნ და ურბან ჰიპსტერების თავშეყრის ამ ადგილზე ალბათ უკვე ყველას გვსმენია. დალევა, ცეკვა, ძილი, კვება, მოწევა – აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია და შესაბამისად, ძნელია, ფაბრიკას ასცდე თუ მეგობრები გყავს და პარასკევ საღამოს გცალია. თუმცა, ერთ–ერთი მთავარი სიკეთე, რომელიც ამ ადგილს აქვს, მაინც ფოტოგენური ადგილების სიმრავლეა: ნეონის ცნობილი შარავანდედი, ფოტოავტობუსი, წითლად განათებული საპირფარეშო და ულამაზესი გრაფიტით გაფორმებული კედლები… თოთოეული მათგანი ე.წ. Must-have ბექგრაუნდია, რომლის "მონაწილეობითაც" ერთი ფოტო აუცილებლად უნდა გეგდოს ინსტაგრამ პროფილზე. შეიძლება თქვა, ეგეთი ფოტოები ისედაც ყველას აქვსო, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ იმ სხვა ფოტოებში მთავარი ელემენტი არაა, ანუ შენ.

3. ავტობუსის გაჩერება

მისამართი: წერეთლის გამზირი და არამარტო

თუ წუწუნებ ხოლმე, რომ სელფების გადასაღებად იდეალური განათება არრრრსად მოიპოვება, ალბათ წერეთლისგან მოშორებით ცხოვრობ; სწორად გამოვიცანით?

ეს იმიტომ, რომ მოცემული ქუჩა სავსეა ავტობუსის გაჩერებებით, რომლებიც სხვა გაჩერებებისგან არაფრით განსხვავდება, გარდა იმისა, რომ ზედ არც ერთი სარეკლამო ბანერი არაა გაკრული; რაც საკვანძო განსხვავებას ქმნის: ფართო, შიდა განათება, რომელიც ღამით ბანერზე ტექსტის ხილვადობას უზრუნველყოფს, აქ შიშვლადაა დარჩენილი და იდეალური სელფის გადაღების უნიკალურ შანსს იძლევა. მისადგომადაც საკმაოდ მარტივია, მსგავსი განათებები ძირითადად გაჩერების გარე, ცარიელ მხარეს არის ჩამონტაჟებული.

რა თქმა უნდა, წერეთელი ერთადერთი გამზირი არ არის თბილისში, სადაც მანათობელ გაჩერებებს ნახავთ. დარწმუნებულები ვართ, სხვაგანაც მოიძებნება. თუ იპოვი, აუცილებლად გადაიღე სელფი, ცოტა clarendon-ის ფილტრიც დაადე და ჩვენი დათაგვა არ დაგავიწყდეს.

4. EXPO Georgia ანუ გამოფენა

მისამართი: წერეთლის 118

ფოტოების გადასაღებად მორიგი იდეალური ადგილი წერეთელზე მდებარე EXPO Georgia–ს პავილიონია, რომელსაც უფრო გამოფენის სახელწოდებით ვიცნობთ. ამ ადგილის მთავარი ღირსება არა პავილიონებში მიმდინარე ღონისძიებები, არამედ მისი ეზოა. აქაურობა პოზირების მოყვარულთათვის ოთხი მოცემულობითაა ზედგამოჭრილი:

უამრავი სხვადასხვა ჯიშის ხე–მცენარე, სიმწვანე და ბუნება – ამ ნაწილს მგონი ბევრი ახსნა არ სჭირდება. ბუნებაში ყოფნისას საკმარისია მზის შუქის დაცემის სწორი კუთხე აარჩიო და ნებისმიერი ფოტო მომხიბლავია. მით უმეტეს, თუ სადმე ტყეში ან ნაკრძალში გასვლის დრო არ გაქვს.

ჭაობი – პარკის შუაგულში ერთი პატარა ჭაობია, რომელიც ყველა დანარჩენი ჭაობივით ჭუჭყიანია, თუმცა გამორჩეული ფორმა აქვს და, რამდენადაც საძაგელია რეალურად, იმდენად ლამაზი გამოდის ფოტოებზე.

უკაცრიელი თეთრი პავილიონი – გამოფენაზე უამრავი პავილიონია და მათი ძირითადი ნაწილი ფუნქციონირებს... დროგამოშვებით მაინც. თუმცა, შესასვლელთან არის ერთი, ყველაზე ფართო და ყველაზე მიტოვებული პავილიონი, სადაც არასდროს არაფერი ხდება და დღემდე გაურკვეველია, საერთოდ შეიძლება შიგნით შესვლა თუ – არა. სამაგიეროდ, ფოტოებისთვის შეუდარებელი ადგილია. რატომ? იმიტომ, რომ გარედან სრულად თეთრია, რაც უნაკლო სადა ფონს ქმნის პროფილის ფოტოს გადასაღებად, და ამასთან ოდნავ ზედმეტად არის ზემოდან გადახურული, რის გამოც მზის სხივებს ზუსტად იდეალური დოზით ბლოკავს და ფოტო არც ძალიან ბნელი გამოდის და არც ზედმეტად გადანათებული.

და ბოლოს, არტ–ინსტალაციები – პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ამოუხსნელი კონსტრუქციაა, რომელიც სინამდვილეში არტ–ინსტალაციაა. როგორც ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშს, ამოუცნობი ხიბლი მათაც დაჰყვება, რომლის გამოყენებაც ეგოისტურად, თქვენი ინსტაგრამისთვის შეგიძლიათ. ამასთან, თქვენ გეძლევათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ის ღრმა, ფილოსოფიური, გულშიჩამწვდომი ან სულაც უაზრო ტექსტი, რომელიც სელფებს არ მოუხდა და დიდხანს ინახავდით, აქ გადაღებულ ფოტოზე მისაწერად გამოიყენოთ.

5. #სივრცე

მისამართი: უზნაძის ქუჩა, 23–ე სკოლის შემდეგი შესახვევი

ამ ლოკაციას ბევრი ახსნა არ სჭირდება – თუ გინდა შენს თაიმლაინზე არსებული #სივრცე შინაარსიანად ამოავსო, ერთი ფოტო აუცილებლად აქ უნდა გადაიღო.

6. ბროტმაისტერი • BROTMEISTER

მისამართი: თაქთაქიშვილის 7/9

მართალია, გასტრონომიულ დაწესებულებებში გადაღებული მყუდრო ფოტოები არც ისე იშვიათია, თუმცა ბროტმაისტერი მაინც გამოირჩევა; შიდა და გარე ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი რაკურსით გადაღებული ნებისმიერი სახის ფოტო თანამედროვე ესთეტიკით ივსება, და დაპოსტავთ თუ არა, პირობას გაძლევთ, გულგრილად ვერავინ ჩასქროლავს. ამასთან, ბროტმაისტერის ვიზუალი განსაკუთრებით fresh და მომხიბლავი ხდება დღესასწაულებთან ერთად, როდესაც გოგრებითა და მოჩვენებებითაა გაფორმებული, ან – ფერადი კვერცხებითა და სააღდგომო ბაჭიებით, ან... ახალ წელს ალბათ თავად ნახავთ.

პ.ს. თუ ბარემ აქ ხართ, ბრეცელიც გასინჯეთ

7. ვაკის პარკი

მისამართი: ჭავჭავაძის 76

მართალია, ვაკის პარკი ამ ბოლო დროს ელიტარული საპროტესტო აქციებით არის დატვირთული, თუმცა გირჩევთ, აქციასა და აქციას შორის პირდაპირ მიადგეთ იმ ადგილს, სადაც ძველი, ნახევრად–ფუნქციონირებადი ატრაქციონებია განთავსებული. აქაურობა ერთგვარად უკაცრიელი, მაგრამ მაინც ბავშვურად მხიარულია და პოზირების რა სტილიც არ უნდა შეარჩიოთ, გაჩერებულ კარუსელსა ან ბუტაფორიულ ღიმილ-შეყინულ ცხენებთან გადაღებული ფოტო წამებში გაგრძნობინებთ თავს მაღალბიუჯეტიანი დისტოპიური ფილმის გმირად. მგონი, ეს ზუსტად ის ესთეტიკაა, რაც ინსტაგრამს ყველაზე მეტად უხდება, არა?

8. მწერალთა სახლი

მისამართი: ივანე მაჩაბლის 13

თუ მხოლოდ მოდური კი არა, შინაარსიანი ფოტოს გადაღებაც გინდა, ეს ლოკაცია სწორედ შენთვისაა. მწერალთა სახლი (რა გასაკვირია რომ) არა მხოლოდ დიდ ისტორიას იტევს, არამედ რამდენიმე ადგილსაც იდეალური ფოტოსთვის. დიდი სარკეები, ლამაზი იატაკი, მწვანე ეზო და ძველებური კიბეები - ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ წარსულში იმოგზაურო, და როცა ამ კომფორტის მიუხედავად, რამე დროს წიგნიდან ამოხედვას გადაწყვეტ, წინ სწორედ ის პეიზაჟი დაგხვდება, რომელიც #bookworm ინსტაგრამ ფიდს აუცილებლად გაგიხალისებს.

თუ მოგეწონა ჩვენი რჩევები და ინსპირაციაც იპოვე, თვალი გადაავლე ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ლოკაციას რუკაზე.