გაერთიანებული ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ საარჩევნო თარიღს საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. ოპოზიცია სარჩელს დღის განმავლობაში შეიტანს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ცესკომ საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

"საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნები იმართება კვირა დღეს. კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პროცესი არჩევნების გამოცხადების დღიდან იწყება და საბოლოო შედეგების შეჯამებამდე მთავრდება, რაშიც შედის, როგორც პირველი ისე მეორე ტური. ამავე კოდექსის მეექვსე მუხლი განსაზღვრავს, რომ უქმე დღედ საარჩევნო დღის გამოცხადება შესაძლებელია ყველა სხვა შემთხვევაში, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა. გარდა ამისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, სადაც პირველი დეკემბერი ბოლო ვადად იყო განსაზღვრული და შესაძლებელი იყო არჩევნების მეორე ტურის დეკემბერში ჩანიშვნა", — განუცხადა On.ge-ს ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, ცესკოს პოზიცია, რომ არჩევნების პირველ ან ორ დეკემბერს დანიშვნა პრობლემას შეუქმნის ინაუგურაციის თარიღის საკონსტიტუციო ვადებს, არასწორია.

"ეს პრობლემა დარეგულირებულია საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლით და არანაირი პრობლემა ინაუგურაციასთან და არჩევნების შეჯამებასთან დაკავშირებით არ იქნება", — აცხადება ბეჟაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშვნის გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა ვადა შეზღუდულია. საარჩევნო კოდექსი ცესკოს მიღებული განკარგულების გასაჩივრებისთვის 2 კალენდარულ დღეს ითვალისწინებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დაინიშნა. მიუხედავად სხდომის რამდენიმე წევრის წინააღმდეგობისა, ცესკომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების შაბათ-კვირას დანიშვნისკენ მოუწოდა არასამთავრობო სექტორმაც.

მათ ის პრობლემებიც დაასახელეს, რასაც არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა გამოიწვევდა. მათ შორისაა ემიგრანტების ჩართულობა, შიდა მიგრაცია და არჩევნებზე გავლენა. ცესკოში გადაწყვიტეს იმისთვის, რომ მიგრანტებს ხმის მიცემის პრობლემა არ შეექმნათ უცხოეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 12 საათამდე იმუშავებენ.