შვედეთის ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ახალგაზრდა კაცის დანაწევრებული სხეული მდინარესთან ადგილობრივმა იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია შვედურმა მედიამ გაავრცელა.

აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ ბრალდებული დააკავა, ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, ამბობს, რომ კაცი მოკლა, თუმცა კითხვაზე, რატომ დაანაწევრა სხეული, პასუხი არ აქვს. ბრალდებული 50 წლამდე პირია.

ადგილობრივი მედია მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობას განიხილავს. მეორე ვერსიით, ბრალდებული თავს იცავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შვედეთში მოკლული კაცი, საქართველოს მოქალაქეა.

"სამინისტრო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში კომუნიკაციაშია შვედეთთან", – განუცხადეს On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მკვლელობა 24 ოქტომბერს მოხდა, ქართული მხარე კი საქმის გამოძიებაში 14 ნოემბერს ჩაერთო.