აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სტამბოლში არაბი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო საუდის არაბეთის 17 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა სამეფო სასამართლოს ყოფილი მრჩეველი, დაზვერვის პოლკოვნიკი და საუდის არაბეთის კონსული სტამბოლში.

სანქციების შედეგად, ამ ადამიანების ნებისმიერი აქტივი აშშ-ში გაიყინა და ამერიკის მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობა ეკრძალებათ.

ჯამალ ხაშოგი სამშობლოდან დევნილი ჟურნალისტია, რომელიც აშშ-ში Washington Post-ის მესვეტედ მუშაობდა. ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

თურქეთის ოფიციალური პირები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს და ამაში საუდის არაბეთის ხელი ერია, თუმცა ეს უკანასკნელი ამას კატეგორიულად უარყოფდა.

საბოლოოდ კი საუდის არაბეთმა 20 ოქტომბერს აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგი საკონსულოში "ჩხუბის დროს გარდაიცვალა". ამ საქმესთან დაკავშირებით გაათავისუფლეს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე და პრინც მუჰამედ იბნ სალმანის უფროსი თანაშემწე. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში 18 პირი დააკავეს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმა წინასწარ დაგეგმა, რაც შემდგომში საუდის არაბეთის პროკურატურამ დაადასტურა. გარდა ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხაშოგის მკვლელობასთან საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ იბნ სალმანის კავშირი არ აქვს.

15 ნოემბერს პროკურატურამ ხაშოგის მკვლელობისთვის 11 ადამიანს წაუყენა ბრალი, მათგან, ხუთის კი სიკვდილით დასჯას ითხოვს. უწყების განმარტებით, სწორედ ამ ხუთმა პირმა დაგეგმა ჟურნალისტის მკვლელობა.