ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივითა და ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით საქართველოს მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში 30 ნოემბერს მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

ერიკ-ემანუელ შმიტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფრანგულენოვანი ავტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, სპექტაკლები კი 50-მდე ქვეყანაშია დადგმული.

მწერლის თქმით, მისი ამოცანა არ არის ყოველდღიურების აღწერა, უფრო მნიშვნელოვნად თანამედროვეობაში არსებული სოციალურ-კულტურული რეალობის წარმოჩენა მიაჩნია, რომელიც ადამიანთა ბუნების უკეთ შეცნობაში ეხმარება. "ჩემი მიზანია შევქმნა ისეთ პერსონაჟთა სამყარო, რომლებიც ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას თავისდაუნებურად აღმოაჩენენ. ეს კი შეიძლება ძალიან ახლობელი იყოს ბევრი მკითხველისთვის. კარგ წიგნს არ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მაგრამ შეუძლია შეგვცვალოს ჩვენ".

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ერიკ-ემანუელ შმიტის არაერთი ნაწარმოები თარგმნა. სწორედ ამ თარგმანების დამსახურებით შეიყვარა ქართველმა მკითხველმა ავტორი. განსაკუთრებით პოპულარულია: ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი, პილატეს სახარება, ნოეს შვილი, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები და ულისე ბაღდადიდან.