"შოკისმომგვრელია ხელისუფლების ასეთი სექსიზმი და სიბეცე", — საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე, ქართული ოცნების კაცი ლიდერების გამოჩენას ეხმაურება. ამის შესახებ იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

პატარაიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სახე წაართვეს და მისი სახელი კაცებმა მიიტაცეს, რადგან ჰგონიათ, რომ სალომე არ ვარგა პოლიტიკოსად და თვითონ უკეთესები არიან. ეს კი, მისივე თქმით, "ყველა ქალის შეურაცხყოფაა და არა მხოლოდ სალომესი".

"ესეთი დამოკიდებულება ქალების მარგინალიზაციას და მათი პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვას ნიშნავს. თუ ვინმე გენდერულ დისკრიმინაციას ეწევა სალომეს მიმართ, ეს "ქართული ოცნებაა", — წერს პატარაია.

დღეს, 15 ნოემბერს დილიდან თბილისსა და ბათუმში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ბანერები გამოჩნდა, რომელზეც თვითონ ზურაბიშვილის ნაცვლად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არაფერია განსაკუთრებული, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც.

"თქვენ რა მიგაჩნიათ განსაკუთრებულად იმაში, რომ ქართული ოცნება, როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში, მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს და ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც. სალომე ზურაბიშვილის ბანერები არ შეგიმჩნევიათ სხვაგან? არის ახალი ბანერები, არის სალომე ზურაბიშვილის ბანერებიც", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.