საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეხანძრე-მაშველებმა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა - დაზიანდა მზიდი კედლები, რამდენიმე სართული ჩანგრეული და ფილები ჩაცვენილი იყო. ამის გამო, სამაშველო მოქმედებები საკმაოდ გაგრძელდა.

დედა-შვილის ცხედრები გადასვენებულია პროზექტურაში.

ზემო ფონიჭალის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილით მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულები. რამდენიმე დაშავებულები საავადმყოფოშია გადაყვანილი.