ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თქმით, კალიფორნიის ქალაქ პარადაისს ხანძრის გამო თავიდან აშენება დასჭირდება. ბროკ ლონგის განცხადებით, შემთხვევის მასშტაბების გათვალისწინებით, ამ პროცესს რამდენიმე წელიწადი დასჭირდება.

ამ დრომდე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად 56-ია, თუმცა 130 ადამიანს ისევ ეძებენ. ცეცხლის ჩაქრობას შტატში დაახლოებით 9 ათასი მეხანძრე ცდილობს.

კალიფორნიის სახანძრო სამსახურის უფროსმა გუშინ, 14 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცეცხლის ლოკალიზებაში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. ცეცხლის 35 პროცენტი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა თვის ბოლომდე აღნიშნული სამუშაოს მთლიანად შესრულებას არ ვარაუდობენ. ხანძარი დაახლოებით 54,6 ათას ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

ასე გამოიყურება დაწყებითი სკოლა ქალაქ პარადაისში.

ფოტო: Secretary Ryan Zynke / Twitter

სკოლა ხანძარმა გაანადგურა.

ფოტო: Secretary Ryan Zynke / Twitter

ხანძრის შედეგად 7,6 ათასი შენობაა განადგურებული. კალიფორნიის გუბერნატორი, ჯერი ბრაუნი ამბობს, რომ ხანძრის შემდეგ ქალაქი საომარ ზონას ჰგავს.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს, 8 ნოემბერს გავრცელდა. ცეცხლი ძლიერი ქარის საშუალებით გავრცელდა და მშრალ ტყეს მოედო. შტატში ხალხის ევაკუაცია მალევე დაიწყო.