ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა. მიუხედავად სხდომის რამდენიმე წევრის წინააღმდეგობისა, ცესკომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების შაბათ-კვირას დანიშვნისკენ მოუწოდა არასამთავრობო სექტორმაც. მათ ის პრობლემებიც დაასახელეს, რასაც არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა გამოიწვევდა.

შიდა მიგრაცია

პირველი პრობლემა შიდა მიგრაციას უკავშირდება. ამომრჩევლების ნაწილი დედაქალაქში ცხოვრობს, თუმცა რეგიონშია რეგისტრირებული. მათ შორის არის სტუდენტები და ქალაქებში დასაქმებული პირები. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ერთ დღეში გადაადგილება პრობლემაა, რაც იმოქმედებს ამომრჩევლების რიცხვზე რეგიონში.

"გაუგებარია, რა აჩქარებს ცესკოს იმიტომ, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა მეორე ტურის თარიღის დანიშვნის დაჩქარებას არავის ავალდებულებს. ეს აკვიატება, თუ რატომ უნდა იყოს შუა კვირაში, გაუგებარია და არგუმენტირებული დასაბუთებაც ვერ მოვისმინეთ", — განმარტა მიხეილ ბენიძემ On.ge-სთან საუბრისას.

ემიგრანტების ჩართულობა

მიხეილ ბენიძის განცხადებით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ცალსახა პრობლემას შეუქმნის ქართულ დიასპორას. მართალია, 28 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდება, თუმცა ეს წესი საზღვარგარეთ არ გავრცელდება.

მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობის პრობლემას ცესკოს ახალი გადაწყვეტილებაც ვერ მოაგვარებს, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არა 12, არამედ 16 საათი ექნებათ.

"მათ მოუწევთ სამუშაო დღის შემდეგ ხმის მიცემა, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ცესკომ მიიღო სამართლებრივად საეჭვო გადაწყვეტილება, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით. ცალკე საკითხია, ამ თემის კანონიერება", — უთხრა On.ge-ს ბენიძემ.

ის განმარტავს, რომ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში განთავსებულ უბნებზე სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან. მაგალითად, ბერლინში განთავსებულ უბანზე ამომრჩეველი შესაძლოა ჰამბურგიდან ჩავიდეს.

"მგზავრობას გარკვეული დრო დასჭირდება. ხმის მიცემა შეუძლებელი იქნება, თუ სამუშაოს დასრულების შემდეგ ამომრჩეველი უბანზე უნდა წავიდეს და მეორე დღეს სამსახურში დაბრუნდეს", — განმარტავს ბენიძე.

მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, არ გაითვალისწინონ ამომრჩევლის ინტერესი.

გავლენა არჩევნებზე

მიხეილ ბენიძეს ბევრი ეჭვი უჩნდება, თუ ვის შეიძლება აწყობდეს შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა. მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარის მიზანი, ამ ეჭვების გაქარწყლება უნდა ყოფილიყო და არა გამძაფრება.

მისთვის რთულია თქვას, რა დოზით მოახდენს გავლენას სამუშაო დღეებში არჩევნების დანიშვნა შედეგზე, თუმცა, მიაჩნია, რომ როცა ამომრჩევლის აქტივობა მუდმივად პრობლემაა, ცესკო ხელოვნურად ამომრჩევლის რიცხვის შემცირებას ხელს არ უნდა უწყობდეს

"მეორე ტურებზე ამომრჩევლის აქტივობა დაბალია ხოლმე. ამ გადაწყვეტილებით საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ბარიერი ექმნებათ. ცესკომ ხელი უნდა შეუწყოს აქტივობას და მეტ ადამიანს მისცეს საშუალება, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელოს და გაუგებარია, რატომ უგულებელყოფს ამ ინტერესებს", — განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მისი შეფასებით ეს გადაწყვეტილება არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და სპეკულაციებს უხსნის გზას.

პოლიტიკური შეფასებები

საინტერესო დეტალია, რომ არჩევნების თარიღის დასახელება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დაასწრო. კალაძემ განაცხადა, რომ Edison Research-ის კვლევები არაზუსტია და 28 ნოემბერს რეალობა განსხვავებული იქნება. ნეტგაზეთის ცნობით კი თელავში გამართულ შეხვედრაზე მოძრაობის, მე ვიცავ თავისუფლებას წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღე ოფიციალურად გამოცხადებამდე 3 დღით ადრე დაასახელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების თარიღი ამომრჩევლის აქტივობაზე გავლენას არ მოახდენს. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა 2012 წელს ჩატარებული არჩევნები, რომელიც ორშაბათს გაიმართა. მისი თქმით, ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე აქტიური იყო.

არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. მან თქვა, რომ უცხოეთში მყოფ დიასპორას არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდება. მისივე თქმით, მასზე არაა დამოკიდებული "აწყობს" თუ არა არჩევნების თარიღი, ეს ცესკოსა და კანონზეა დამოკიდებული.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა რამდენიმე მიზეზით უნდოდათ:

  • უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა მოქალაქეებმა ვერ მისცენ ხმა გრიგოლ ვაშაძეს;
  • არჩევნებზე მივიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები და კერძო სექტორის — არა.