არჩევნების მეორე ტურის თარიღის გასაპროტესტებლად ნაციონალური მოძრაობის წევრები ცესკოსთან აქციას მართავენ. ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მეორე ტურის სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშვნით ცესკოს თავმჯდომარემ დაამტკიცა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ატარებს.

მისივე თქმით, ცესკო ცდილობს ხელი შეუშალოს არჩევნებზე მოქალაქეების მისვლას, ვინაიდან სამუშაო დღეს კერძო სექტორში დასაქმებულების ნაწილი არ დაისვენებს და ემიგრანტებისთვისაც პრობლემურია.

ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ქართულ ოცნებას მსგავსი "იაფფასიანი მანიპულაციები" არ გაუვა და არჩევნების შედეგს ვერ შეცვლიან.

როგორც უდუმაშვილი განმარტავს, აქციას იმიტომ მართავენ, რომ ცესკოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ შერჩეს და საზოგადოებამ გაიგოს, რომ ისინი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის შტაბის წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, სამომავლოდ სხვა აქციები არ იგეგმება, რადგან "გამარჯვებულები აქციებს არ მართავენ, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. თუ არ განიხილება".

საქართველოში 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოცხადდა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნებში არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემაში დაბრკოლება არ შეექმნათ უცხოეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით ღამის 12 საათამდე იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ისინი ხმის მიცემას 26 ნოემბერს შეძლებენ.