ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე ემიგრანტები ხმის მიცემას ადგილობრივი დროით ღამის 12 საათამდე შეძლებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მეორე ტურის თარიღი 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს ჩაინიშნა.

საქართველოში 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოცხადდა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნებში არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემაში დაბრკოლება არ შეექმნათ საარჩევნო უბნები უფრო მეტი დროით იმუშავებენ.

რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ისინი ხმის მიცემას 26 ნოემბერს შეძლებენ.

არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათგან 55 საქართველოს საზღვარგარეთაა. მეორე ტურში მონაწილეობას მმართველი პარტიის მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ.