საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ფეისბუქზე ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლია.

პატარაია წერს, რომ ოცნება ტყუის, როცა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დისკრიმინირებული და დაჩაგრულია და ხელისუფლების ამ მცდელობას უარყოფითად აფასებს. ის მიიჩნევს, რომ ამით ოცნება ასარჩევ პრეზიდენტს ხალხს აცოდებს და სხვა ქალებს პოლიტიკაში მოსვლით აშინებენ.

"სალომეს გენდერულად არ ჩაგრავენ ამ ბრძოლაში. მთელი ის სისასტიკე, რაც ამ კანდიდატს მიემართება, დაკავშირებულია მის პოლიტიკურ ხედვებთან და განცხადებებთან. და კარგია რომ მას, როგორც ქალს, არ უტევენ ოპონენტები - ეს ნიშნავს, რომ რაღაც პატარა კულტურა შევიძინეთ. და იმასაც ნიშნავს, რომ ქალები გაძლიერდნენ და თუ სალომეს, როგორც ქალს დაეტაკებიან ოპონენტები, პასუხად ბევრი ქალის რისხვას მიიღებენ და ამასაც ერიდებიან", - წერს პატარაია.

არჩევნების პირველ ტურამდე, 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ უღირსი კამპანია მიმდინარეობს, რადგან ქალია.

პატარაიას მიხედვით, ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა დღეს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს როგორც ქალ კანდიდატს ისე ჩაგრავენ და ეს ქართული ოცნების დამსახურებაა.