"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს", — შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოქალაქეების შექმნილი პეტიციის განხილვას მერიას კანონი არ ავალდებულებს. მათ ნაწილს ჰგონია, რომ მთავრობას ამ პეტიციის განხილვის ვალდებულება აქვთ, თუმცა რეალობა ასე არაა.

ზაზა სარალიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლას თვეების განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ყველა მცდელობა პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდებოდა. რამდენიმე დღის წინ მან მერიისგან წერილი მიიღო, რომელიც აუწყებდა, რომ 15 დეკემბრიდან საახალწლო ნაძვის ხის აწყობას გეგმავდნენ და მას პროტესტის ადგილი უნდა შეეცვალა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოქალაქეებმა პეტიცია Thepetitionsite.com-ზე შექმნეს. მალე ხელმომწერთა რიცხვი 10 000-ს გაუტოლდება. ახლა ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული განიხილავს თუ არა პეტიციას.

მოქალაქეებს პეტიციით მთავრობისთვის მიმართვა შეუძლიათ ვებგვერდით ichange.gov.ge. რეგისტრირებული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა მოთხოვნას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 10 ათასმა მომხმარებელმა.