პარასკევს ვერსალში 60 სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მეცნიერები შეიკრიბებიან, რომლებიც იმსჯელებენ, უნდა დარჩეს თუ არა პარიზის მიწისქვეშა საცავში დაცული მეტალის ცილინდრი კილოგრამის ეტალონად.

ცილინდრს კილოგრამის საერთაშორისო ეტალონი, შემოკლებით IPK ეწოდება. ის 1889 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მსოფლიოში წონის სტანდარტი სწორედ მისი საშუალებით დგინდება, თუმცა ეს ყველაფერი მალე შეიცვლება.

IPK-ს ასლები დედამიწის მრავალ სხვადასხვა წერტილში გვხვდება, სწორედ ამის საშუალებით ხდება მსოფლიოში სასწორების კალიბრაცია, ეს პროცესი საბოლოოდ საზოგადოების ყველა კატეგორიას ეხება, ქიმიური ლაბორატორიებიდან და ქარხნებიდან დაწყებული, საცხობებითა და სუპერმარკეტებით დამთავრებული.

წონის ეტალონად IPK-ს აშშ-ც იყენებს: ფუნტისა და უნციას კალიბრაცია სწორედ კილოგრამის საერთაშორისო ეტალონით ხდება.

ზომებისა და წონების საერთაშორისო ბიუროში დაცული კილოგრამის ეტალონი

ზომებისა და წონების საერთაშორისო ბიუროში დაცული კილოგრამის ეტალონი

ფოტო: NIST

კილოგრამის ეტალონი 127 წლისაა. ის პარიზში სამმაგი მინის ჩაფხუტის ქვეშ ვაკუუმში ინახება. შენობაში კი ტემპერატურა მუდმივად კონტროლდება. ეტალონი დაცულია მტვრისგან, ჭუჭყისგან, გათბობისგან, გაციებისგან და ყველა იმ შესაძლო ფაქტორისგან, რამაც შეიძლება ეტალონის მასა შეცვალოს.

IPK პლატინა-ირიდიუმის შენადნობით არის დამზადებული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია, თუმცა, მიუხედავად ამისა, IPK-მ შექმნის შემდეგ წონა მცირედით მაინც დაკარგა.

40 წელიწადში ერთელ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული IPK-ს ასლები თავს პარიზში იყრის, სადაც კილოგრამის ეტალონს ჩაფხუტიდან იღებენ, მას წონიან და მის ასლებს ადარებენ.

წონის დაკლების გამო IPK ახლა დაახლოებით 50 მიკროგრამით უფრო მსუბუქია, რაც დაახლოებით ერთი წამწამის წონაა. უცნობია, თუ რამ გამოიწვია კილოგრამის ეტალონის მასის ცვლილება, მაგრამ სავარაუდოა, რომ წლების განმავლობაში მისი გაწმენდის პროტოკოლი საკმარისად მკაცრად დაცული არ იყო.

პლანკის მუდმივა

კიბლის სასწორი

კიბლის სასწორი

ფოტო: NIST

კილოგრამის ახალი განსაზღვრება პლანკის მუდმივაზე იქნება დაფუძნებული, რომელიც სამყაროში არსებული სტაბილური მუდმივაა.

კილოგრამის ახალი განსაზღვრების შექმნით, რა თქმა უნდა, მისი წონა არ შეიცვლება, თუმცა კილოგრამის მუდმივათი განსაზღვრა უზრუნველყოფს, რომ ეს საზომი ერთეული მუდმივად სტაბილური იქნება, რაც საბოლოოდ უფრო ზუსტი გაზომვების ჩატარების საშუალებას მოგვცემს.

პლანკის მუდმივა ატომურ მასშტაბებზე ნაწილაკების და ტალღების ქცევას აღწერს, ის სამ ერთეულზეა დაფუძნებული: მეტრი, კილოგრამი და წამი. ვინაიდან მეტრი და წამი სინათლის სიჩქარით იზომება, ჩვენ შეგვიძლია ისინი პლანკის მუდმივასთან ერთად კილოგრამის განსასაზღვრად გამოვიყენოთ.

პლანკის მუდმივა კი თავისმხრივ "კიბლის სასწორით" (Kibble Balance) იზომება. კიბლის სასწორი ისევე მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი სასწორი, თუმცა მათგან განსხვავებით, ეს მოწყობილობა წონას ელექტრომაგნიტური ძალით ათანაბრებს, ამ უკანასკნელის გაზომვა კი ჩვენ ძალიან მაღალი სიზუსტით შეგვიძლია.

"კილოგრამის ახალი განსაზღვრების შემოღებით ჩვენ კაცობრიობას უზუსტეს გაზომვებზე ვაძლევთ წვდომას და ვქმნით საძირკველს, რომელზეც მომავლის მეცნიერება და ტექნოლოგიები დაფუძნდება", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი იან რობინსონი.