საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს საუდის არაბეთის საელჩო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა.

უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო.

"საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს ხელი შეუწყონ არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში 2014 წელს გაიხსნა.