ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის თანამშრომელმა, სალომე სიგუამ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, 8 000 ლარზე მეტი შეწირა. სიგუამ ვაშაძეს 5 485 ლარი 8 ნოემბერს გადაურიცხა, 3 000 ლარი კი — 10 ოქტომბერს.

სიგუამ On.ge-ს თავის ხელფასის ოდენობის შესახებ ინფორმაცია გაუმხილა, თუმცა მისი გასაჯაროების სურვილი არ აქვს. პარტიის პრესსამსახურის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ორ თვეში შეწირული თანხა თითქმის მისი ერთი წლის ხელფასია. მან, ასევე, განაცხადა, რომ საზღვარგარეთიდან ოჯახის წევრები ფულს უგზავნიან.

"ვცხოვრობ მარტო, არ ვარჩენ არავის, შესაბამიდას, ეს ფინანსები აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ კანდიდატის, რომლისთვისაც ვმუშაობ და მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მისი არჩევა, მის გამარჯვებაში შევიტანო ფინანსური წვლილი", - განაცადა მან.

პირველის ტურის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 214 714 ლარის შემოწირულობა მიიღო. რვაჯერ მეტი შემოწირულობა აქვს მიღებული სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს.

სალომე ზურაბიშვილს მისი პრესსამსახურის თანამშრომელმაც გადაურიცხა თანხა. ნათია პავლიაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატს აგვისტოში 1 100 ლარი შეწირა. როგორც აუდიტის სამსახურის საიტზე ატვირთულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, პავლიაშვილის ხელფასი 1 875 ლარია.