მაკა ჩიჩუა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას ტოვებს და პირველი ლედის პრივილეგიებსა და ვალდებულებებსაც ემშვიდობება. ამბობს, რომ გული არ წყდება და არც ის სურდა მეორე ვადით შეენარჩუნებინა სტატუსი. ერჩივნა მეტი მოესწრო, თუმცა შეზღუდული უფლებებით შანსებს ვერ ხედავს.

ყოჩაღები ვართ, ვჯობივართ

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ პირველი ლედის სტატუსი სექსისტურია — წარმატებული კაცის გვერდით მდგომი ქალი, რომელსაც რეალური ძალაუფლება არ აქვს. ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ ეს რეგალია სუსტი ქალის სტერეოტიპს აძლიერებს. თუმცა, მაკა ჩიჩუა ქალებს სუსტ სქესად არ აღიქვამს, პირიქით მამაკაცებზე უფრო ძლიერებადაც მიაჩნია.

ქალები ძალიან აქტიურები ვართ და ყოველთვის შეგვიძლია ჩვენს ოჯახებს ბევრად უფრო ყოჩაღად მივხედოთ ვიდრე კაცებმა

მაკა ჩიჩუა

ინტერვიუს მსვლელობისას ყველაზე დიდი დრო ქალთა უფლებებზე საუბარს დაუთმო. განიხილა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები და გამოსავალიც იპოვა — ბრძოლა. ქალის სიძლიერის მთავარი არგუმენტი მისთვის 90-იანი წლების საქართველოა. ამბობს, რომ სწორედ ამ დროს გამოჩნდა რამხელა ძალა, შემართება და გამძლეობა ჰქონდათ ქალებს.

"იმ პერიოდში, როცა კაცები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცნენ ხელები ჩამოყარეს. მაშინ ქალებმა აიღეს მთელი ტვირთი ოჯახის. მაშინ ქალებმა შეძლეს კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანა ფინანსურად, მორალურადაც.

ქალები ძალიან აქტიურები ვართ და ყოველთვის შეგვიძლია ჩვენს ოჯახებს ბევრად უფრო ყოჩაღად მივხედოთ ვიდრე კაცებმა".

პირველი ლედი ამბობს, რომ ქალებს ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ წარმატების მიღწევა და მათი მთავარი დაბრკოლება არა სისუსტე, არამედ სტერეოტიპებია.

"ქალები არიან კარგი მეწარმეები და ბიზნესმენები, ქალებს აქვთ ეგ სადავეები ხელში აღებული და ახერხებენ. თუმცა, არსებობს გადმონაშთი აზროვნებისა, რომ ქალი დიასახლისია და კაცი არის ფიზიკურად ძლიერი. ამ აზრებს მივყავართ ისეთ ხანაში, სადაც კაცი მიდიოდა ნადირობდა, ნანადირევი მოქონდა და ქალი უნდა ყოფილიყო დიასახლისი, რომელიც ამ ნანადირევს მოამზადებდა და ბავშვებს სადილს დაახვედრებდა".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სტერეოტიპების გარდა პრობლემურად თვლის მაღალ და უსამართლო მოთხოვნებს, რომელსაც საზოგადოება ქალებს უყენებს.

"ქალი რომელიც დადის სამსახურში ბავშვსაც უვლის, რეცხავს, სადილსაც ამზადებს, ყველაფერს აკეთებს. ამასობაში, მაინც განსჯის საგანია, რატომ ისეთი სადილი ვერ მოამზადა ან როგორ ბედავს, რომ არ იკითხა და გარეთ გავიდა. მე კონკრეტულ რაღაცეებს ვამბობ იმიტომ, რომ აქედან ხდება მერე ის, რომ შეიძლება აღმოჩნდეს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი".

ქალებზე ძალადობის და ფემიციდის აღმოფხვრის გზად პრობლემის გააზრებასა და მასზე საუბარს ხედავს. მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს და საზოგადოებაც მეტი ყურადღებით უნდა გამოირჩეოდეს.

"აუცილებელია სწორი აქცენტები, საზოგადოების ინფორმირება და სკოლაში ბავშვებამდე სწორად მიტანა ინფორმაციის. პროცესში ყველა ჩართული უნდა იყოს. მაგალითად, სამართალდამცავები უნდა რეაგირებდნენ პირველივე სიგნალზე, როცა ეუბნებიან, რომ დახმარება სჭირდებათ".

გამხეცებული კაცების დაბალანსება

"ბოლო დროს ფემინიზმი შეურაცხმყოფელ სიტყვად აქციას. პირიქით, ეს არის ქალთა უფლებების წინ გამოტანა და დაბალანსება გამხეცებული კაცების. კაცებს სჭირდებათ ფემინისტი ქალები, რომლებიც გონს მოაგებენ თუკი რაღაცა ცოტა გარეკილი აქვთ, — ასე ხსნის ფემინიზმის მნიშვნელობას.

მიაჩნია, რომ სიძლიერე ფიზიკური მონაცემებით არ გაისაზღვრება და ფემინისტური ბრძოლის შინაარსი მნიშვნელოვანია. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ეს იდეოლოგია ქალებმაც ცუდად გაიგეს და რადიკალურად მიუდგნენ.

"ეს იდეოლოგია ის კი არ არის, რომ დაუბანლობაში და სხვადასხვა გაუგებრობაში გადავიდეს. მე ვთვლი, რომ ფემინიზმია ქალთა უფლებების გააქტიურება, წინ წამოწევა და ამაზე ლაპარაკი მუდმივ რეჟიმში".

ქალის აუცილებლობა პოლიტიკაში

ის, რომ პოლიტიკაში ქალი აუცილებლად და მნიშვნელოვნად დადებით როლს ითამაშებს მე დარწმუნებული ვარ, ოჯახიდან გამომდინარე, როგორც ამბობენ სახელმწიფო დიდი ოჯახიაო

მაკა ჩიჩუა

პირველ ლედის, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლაზე არასდროს უფიქრია მიაჩნია, რომ ამ სფეროში მეტი ქალი უნდა იყოს. ლმობიერი, გამჭრიახი, მომჭირნე — მისი აზრით, ეს თვისებებია, რომელიც ქვეყნის მართვისას ქალებს აუცილებლად გამოადგებათ.

ამბობს, რომ ქალებმა უკეთ იციან როგორ გადაანაწილონ დოვლათი და რაზე გააკეთონ აქცენტი. რაც შეეხება კვოტირებას მიაჩნია, რომ ქალებმა თავად უნდა იბრძოლონ გზის გასაკვალად.

"ქალებს თვითონ აქვს ეს ვალდებულება. ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავძლიერდეთ და ვაჩვენოთ რეალურად ჩვენი ძალა და არ დავიხიოთ უკან. აი ამისგან რაღაც ბალანსის მოხდენა შესაძლებელია.

ქალს აქვს იმის უნარი, რომ იყოს "კაცის პროფესიის" კარგი შემსრულებელი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ქალებმა თვითონ უნდა წამოვწიოთ ჩვენი უფლებები და რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იყოს იმ სიმაღლეზე, რომ დაგვიცვას".

ბრძოლაა საჭირო — ვაინშტაინის სინდრომი

"ბრძოლაა საჭირო", — ამ სიტყვებს ინტერვიუს დროს ყველაზე ხშირად იმეორებდა. ყველა კითხვაზე, რომელიც ქალთა უფლებებს შეეხებოდა პასუხად, პირველი ლედი შეიარაღებისკენ მოუწოდებდა მათ. ამის ერთ-ერთ მაგალითად ჰოლივუდის ცნობილი სცენარისტის, ქალებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მოჰყავს.

"ასეც ხდება, რომ სამსახურში მამაკაცები აიძულებენ ქალებს ინტიმურ ურთიერთობას. მართალია რთულია, ძალიან, მაგრამ ქალებს ეყოთ ძალა საბრძოლველად.

ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა ქალმა ხელები ჩამოჰყაროს. ბრძოლაა საჭირო იმისთვის, რომ შენი უფლებები და ძალა აჩვენო საზოგადოებასაც. არ უნდა შეგეშინდეს, უნდა გაიტანო. ამიტომ ვამბობ, რომ მოძრაობა, მუდმივი მოძრაობა შედეგს გამოიღებს, როცა შენ ყოველ ჯერზე მიუთითებ შენი უფლებები რა არის."

ყველას ეკუთვნის ადგილი მზის ქვეშ

შენ ადამიანს უყურებ თვალებში და არა მის კანის ფერს, ორიენტაციას, შეზღუდულ შესაძლებლობას ან რაიმე სხვას. ყველას ეკუთვნის ადგილი მზის ქვეშ

მაკა ჩიჩუა

ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფად ტრანსგენდერი ქალები მიაჩნია. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე გამოსავლის ძებნაში ექსპერტების იმედადაა, სამოქალაქო პოზიციიდან კი ამბობს, რომ მათი უფლებების დასაცავად ყველამ უნდა იბრძოლოს.

საზოგადოების იმედი აქვს. მაგალითად, უცხოეთში განვითარებული მოვლენები მოჰყავს. ამბობს, რომ მიმღებლობა იქაც ეტაპობრივად გაიზარდა და საქართველოში თემა ჯერ კიდევ ახალია.

"ბავშვებში ამ საკითხების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე განათლების სისტემამ უნდა იზრუნოს, მაგრამ, როცა ბავშვს სახლში ესმის "ფუ, ის ბოზი, გათახსირებული, პიდარასტი და ა.შ" თავადაც იმეორებს. იმიტომ ვამბობ ამ სიტყვებს, რომ ზუსტი მაგალითებია. ოჯახში ეს თემები როცა ასე აგრესიულად არის მოწოდებული შეიძლება სკოლამ დააბალანსოს თავისი სწორი ხედვით".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აუცილებლად მიაჩნია, საზოგადოებისთვის იმის განმარტება რა არის სირცხვილი და რა ადამიანის უფლებები. პასუხისმგებლობას ამჯერადაც განათლების სამინისტროს აკისრებს და ტრენინგების აუცილებლობაზე საუბრობს.

"მაგალითად, ცოტა ხნის წინ იგივე დამოკიდებულება იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე. მალავდნენ, მათ რაღა დააშავეს. იქ ხომ სექსუალური თემა არ იყო. მაგრამ მალავდნენ, რცხვენოდათ ადამიანების, რადგან ჩვეულებრივი, ტიპიური განვითარების არ არიან. ადამიანების გადარჩევას უნდა გადავეჩვიოთ".

ინკლუზია სიბრალულის ნაცვლად

მაკა ჩიჩუა პირველი ლედის სტატუსით აქტიურად იყო ჩართული შშმ პირთა უფლებებისთვის ბრძოლაში. ამბობს, რომ ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობა და საზოგადოების მიმღებლობა გაზრდილია, მაგრამ კიდევ ბევრ პრობლემას ხედავს.

"როცა ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობებით იბადება თავიდანვე პროტოკოლით სწორი ნაბიჯები უნდა გადადგან ექიმებმა ბავშვთან და მშობელთან მიმართებაში. შემდეგ კი ამაში უნდა ჩაერთოს ინკლუზია და სწორი მიდგომა შეირჩეს. სწორი მიმართულებით უნდა ვიაროთ, ერთად უნდა ვიაროთ წინ და არ უნდა აგვერიოს".

განათლების სისტემის გარდა, ამჯერად ჯანდაცვის სისტემის პასუხისმგებლობასა და ექიმების არაპროფესიონალიზმზე საუბრობს.

"ექიმები თანაგრძნობას გიწევენ იმის გამო, რომ ბავშვი შეზღუდულია: "ვაი, ვაი, შე საწყალო". აზრზე ხარ ახალი ნამშობიარები რომ ხარ და იმის მაგივრად, რომ მოვიდეს და ... მე არ მქონია ეგეთ შემთხვევა პირადად, მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი ჩემს გარშემო, სამწუხაროდ".

თანადგომა, იმისთვის რომ მორალურ მკვლელებად არ ვიქცეთ

ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაზე საუბრისას მაკა ჩიჩუას სახელი ყველაზე მეტად ზაზა სარალიძესთან ასოცირდება. პროკურატურასთან მისული, ატირებული პირველი ლედი შვილმოკლული მამის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა.

ფოტო: გიორგი შეყელაძე / On.ge

"ტელევიზორს ვუყურებდი ზაზას სახე დავინახე და ვეღარ გავძელი. ძიძას ვთხოვე, რომ ბავშვები დაეტოვებინა. რაღაცნაირად მინდოდა გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება. იცით ცოტა ძნელია, სტატუსის გამო. სულ თავს ვიკავებდი ამ ზედმეტად მძაფრი შეფასებებისგან, ამას მოიხოვდა ჩემი მდგომარეობა, რადგან ვიღაცას შეიძლება მიკერძოებული მოვეჩევნო ან რომელიღაც მხარეს მდგომი. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და სტატუსების, რეგალიების მიუხედავად მექნება შეგრძნება, რომ ადამიანი ცოცხალია და მას სჭირება დახმარება."

მაშინაც და ახლაც ამბობს, რომ სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებს, როგორც დედა და თუ სადმე მისთვის სასარგებლოდ შეძლებს ხმის მიტანას ამას აუცილებლად გააკეთებს.

"ჩვენ მორალურად შეიძლება მკვლელები გავხდეთ, როცა ადამიანს არ ვუცხადებთ თანადგომას. შენ შეიძლება თავში არ ურტყამ ვიღაცას, მაგრამ არც გვერდით უდგახარ ყველაზე ძნელბედობის ჟამს და შენ პოტენციური მკვლელი ხდები. მე მჯერა ამის. ადამიანებმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაღაც არ გავაფუჭოთ ჩვენი გულგრილობით".

ვალდებულებები და შედეგები

ფიქრობს, რომ პირველი ლედის ფუნქციაა იყოს ხალხის შუამავალი საზოგადოებასა და პრობლემის მომგვარებელ ორგანოებს შორის. ვერ ამბობს, რამდენად კარგად შეასრულა ეს საქმე, მაგრამ ხალხის სიყვარულსა და ნდობაზე საუბრობს.

"მე ვიყავი მედიატორი უფრო და გამხმოვანებელი პრობლემების და ახლოს მიმტანი იმ სტრუქტურებთან, რომლებიც ასეთ პრობლემებს წყვეტდნენ. მე ხო არ შემიძლია ყველაფერი ერთად, არც ფინანსური დამოუკიდებლობა გვქონია და ფონდს ისეთი შინაგანაწესი და იურიდიული შეზღუდვები აქვს, რომ მე საერთოდ არ მიმესვლება იქამდე. პრეზიდენტი წყვეტს ყველაფერს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"საზოგადოების მხრიდან რასაც ვგრძნობ ეს არის ძალიან დიდი სითბო. აი ქუჩაშიც, რომ გავივლი. იქ არავინ არ ავალდებულებს. დარბაზში, რომ ზიხარ ტაშს დაგიკრავენ. ქუჩაში ადამიანები კეთილად მხვდებიან. ეს ხო გულწრფელი რეაქციაა".

პირველი ლედის სტატუსის პარალელურად ორი ბავშვი გააჩინა და დამატებითი დატვირთვაც ჰქონდა. ამბობს, რომ ამიტომ ბევრი რამ ვერ მოასწრო. განსაკუთრებით კი ერთი პრობლემა აწუხებს:

"პერიოდულად სულ მახსენდება ხოლმე, მაგრამ არასოდეს ესე ხმამაღლა არ მითქვამს, ახლა ვიტყვი, რომ ჩვენთან არ არსებობს ბავშვების ონკოლოგიური კვლევის ცენტრი. ჩვენთან ბავშვები, რომ ავად ხდებიან მიჰყავთ თურქეთში. აქ წარმოიშვება ძალიან, დიდი პრობლემები, იმიტომ რომ ფინანსურად საკმაოდ რთულია.

არავის არ მოსდის თავში, რომ აქ გააკეთონ ონკოლოგიური კლინიკა, რომელიც მოემსახურება ბავშვებს. თან ამის პროექტიც არსებობს, როგორც მე გავარკვიე.კარგი იქნებოდა, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად მემუშავა. ვდარდობ, რომ ვერ მოვიძიე ინვესტორები. ჩემს თავს ვაბრალებ, რადგან რასაც მოინდომებ გულით შესაძლებელია, რომ გააკეთო."

სამომავლოდ კონკრეტული გეგმა არ აქვს და არც სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე საუბრობს. ამბოს, რომ მსახიობობაში ხელს არც პირველი ლედის სტატუსი უშლიდა.

"არ ვფიქრობ, რომ მე ისეთი შეზღუდვები მქონდა, რომ ახლა დავიწყო ფიქრი, რომ ეს წლები წარსულს ჩავაბარო და ახლა გავაქტიურდე. დიდ აქტიურობაში ბავშვებმა უფრო შემიშალეს ხელი. მაგრამ პირიქით მადლობელი ვარ, რომ ესენი მყავს. მე არ ვთვლი, რომ ფილმში თამაში რაღაცით ჩემს სტატუსს შეურაცხყოფას მიაყენებდა ან მე ჩემს მოქალაქეებთან ვიქნებოდი არასწორი. არ ვფიქრობ ასე. მე ხო არა ვარ პოლიტიკოსი, არ ამირჩევია პოლიტიკოსობა და უბრალოდ ქალი ვარ, რომელიც აღმოჩნდა პრეზიდენტის მეუღლე."

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ვინაიდან სალომე ზურაბიშვილს ქმარი არ ჰყავს ქვეყანას აღარც პირველი ლედი ეყოლება და არც პირველი ჯენლტმენი და მაკა ჩიჩუას საქმეს ვერავინ შეითავსებს. იმედს იტოვებს, რომ ზურაბიშვილი მისი საქმით დაინტერესდება, თუმცა სხვა გამოსავალი იპოვა მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად

"მე აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. მე ეს იმიტომ არ მიკეთებია, რომ პირველი ლედი ვიყავი. მაგრამ, როცა დავინახე, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომ ჩემი ხმა უფრო ახლოს მივიტანო და უფრო მნიშვნელოვნად დავანახო იმ საზოგადოებას, რომელიც წყვეტს ამა თუ იმ საკითხს. იცით რამდენი საქმეა ესე დაწყებული და რაღაცამდე მიყვანილი. რატომაც არა, ახლაც გავაგრძელებ ამ სტატუსით, რაც ვიქნები, ყოფილი პირველი ლედი."

საზოგადოებას სიმშვიდე ვაჩვენეთ

ფოტო: გიორგი მარგველაშვილი / FB

ინტერვიუს დასასრულს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, მთავრობასთან დაპირისპირებაზე, შეწყალების კომისიასა და მათ ყველაზე დიდი მიღწევაზე ვისაუბრეთ. ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უსაფუძვლო კრიტიკამ ძალიან დააზარალა, თუმცა საზოგადოებაში ნდობა მაინც ვერ შეურყია.

"ეს იცით როგორი თემებია, მუდმივ რეჟიმში, რომ ვიღაცა ზის და ფიქრობს, როგორ გავაშავოთ, როგორ ავუგოროთ ცუდი ამბების პიარი. ეს ის კატეგორიაა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხეს რეალურად.

საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება და აღშფოთებული ხალხი მე სასახლესთან მოსული არ მინახავს. შეიძლება სამი კაცი როდესღაც, ვიღაცამ მოიყვანა. მაგრამ მე არ მინახავს ადამიანები, რომლებიც გიორგის დასჯას ან მისგან პასუხებს ითხოვენ. მეტსაც გეტყვით, პირიქით თხოვენ იყოს შემტევი".

ვეუბნები: კარგი რა გიორგი, უფრო შემტევი უნდა ყოფილიყავი და მეუბნება: პოლიტიკას ნუ გამოვიყენებთ რინგად

მაკა ჩიჩუა

შემტევობას და აქტიურობას პრეზიდენტს თავადაც სთხოვდა, თუმცა როგორც ამბობს დიპლომატიურ პასუხს იღებდა:

"ვეუბნები: კარგი რა გიორგი, უფრო შემტევი უნდა ყოფილიყავი და მეუბნება: პოლიტიკას ნუ გამოვიყენებთ რინგად. ამბობს, დიპლომატიის ენა იმიტომ არსებობს, რომ ყველა ჩვენ პოლიტიკოსებმა ერთმანეთს ცივილურად ველაპარაკოთ და ეს იყოს მაგალითი საზოგადოებისთვის. არ უნდოდა მუდმივად იმ რეჟიმში ყოფილიყვნენ, რომ მიდი მიდი დასცხე ვინმეს. ამისთვის არსებობს სპორტი და იქ გადართონ."

ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიკამპანიას შეწყალების კომისიასა და მისი ოჯახის წევრების დაპატიმრებას ასახელებს. ამბობს, რომ უსაფუძვლოა პრეზიდენტის კრიტიკა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით.

"ბოლოს მგონი იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ რაღაც თანხებს იღებდა გიორგი შეწყალების კომისიაზე. მე მინახავს გიორგი მჯდარა და გაუთენებია ღამე და დღემდე, სადამდეც შეეძლო იკვლევდა ყველაფერს, რომ ისეთი ადამიანი არ შეეწყალებინა, ვინც ზიანს მოუტანდა საზოგადოებას.

ჩემი ძმა დღეს ციხეში ზის, იმიტომ რომ უპოვეს ძველი იარაღი, რომელიც დაჟანგული იყო. მამამისისგან წამოიღო, გარდაიცვალა და იყო მისული და წამოიღო. არ ამიტეხავს ხომ ეს ამბავი. მე უბრალოდ გამოვედი და ვთქვი, რომ თუ ამას გამოიძიებს შესაბამისი ორგანოები კვალიფიციურად მიხვდებიან, რომ ეს ადამიანი ციხეში ჩასასმელი არ არის. ძალიან მეცოდება ჩემი ძმა. ამიტომ კომისიაზე საუბარი არის ყურით მოთრეული, რომ ცოტა ხნით მაინც რეალური პრობლემებისგან გადაიტანონ თემა."

მეორე ვადით არჩევნებზე უარის თქმის მიზეზად ქმრის ინტუიციას ასახელებს. მისი თქმით, ამ საკითხში ენდობა და სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

"აქ უკვე ისეთი ქაოსი შეიქმნა, იმდენი შეზღუდვა მოხდა, რომ ამ შეზღუდვებით რა უფლებები ჰქონდა და როგორ მოძრაობდა აკვირდებოდით და იქ კიდე ამ დამატებული შეზღუდული უფლებებით საერთოდ კატასტროფა იქნებოდა. გიორგის ფსიქიკას ვუფრთხილდები მე და მის ნერვიულ მდგომარეობას."

საუბრის დასასრულს პირველ ლედის პრეზიდენტის შეფასება და მის მინუსებზე საუბარი ვთხოვეთ რაზეც მან გვიპასუხა:

"მინუსებზე ლაპარაკი ძალიან რთულია ჩემთვის ჩემს მეუღლეზე. მე ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ სამაგალითო იყო გიორგი, როგორც პრეზიდენტი. იმიტომ, რომ მისი დიპლომატიის ხარისხი აბსოლუტურად სხვანაირად წარმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ასეთი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ უფრო აქტიური იყოს, ან უფრო მეტად სხვანაირი, მაგრამ პრეზიდენტის სახე გიორგიმ აჩვენა. მოთმინების, გაწონასწორებულობის, განათლების ხარჯზე მოხდა ეს ამბავი, რომ მან შეინარჩუნა სახე"

და ბოლოს, მაკა ჩიჩუამ მისი და პრეზიდენტის ყველაზე დიდი მიღწევის შესახებ ისაუბრა:

"ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას როგორ შეიძლება ადამიანმა ილაპარაკოს მშვიდად, არგუმენტირებულად და იყოს მუდმივად იმის მცდელობაში, რომ ბალანსი შევინარჩუნოთ და არ დავხოცოთ ერთმანეთი. ეს იყო ნამდვილი პრეზენტაცია იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება საქმე აკეთოს იმ შეზღუდული უფლებამოსილებით და არ დაკარგოს სახე, როცა თავს ესხმიან."