ირლანდიის ავიაცია ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან შემჩნეულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მიღებულ ცნობებს იძიებს.

BBC-ის ინფორმაციით, ყველაფერი პარასკევს, 9 ნოემბერს, დილის 06:47 საათზე დაიწყო, როდესაც ბრიტანული ავიაციის პილოტი საჰაერო მოძრაობის კონტროლს დაუკავშირდა.

მას აინტერესებდა, იყო თუ არა მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო საჰაერო წვრთნები, რადგან მის წინ რაღაც "ძალიან სწრაფად მოძრაობდა".

პილოტს, რომელიც კანადის ქალაქ მონრეალიდან ლონდონის აეროპორტისკენ მიფრინავდა, საჰაერო მოძრაობის კონტროლიდან უპასუხეს, რომ საჰაერო წვრთნები არ მიმდინარეობდა.

პილოტის სიტყვებით, მან დაინახა "ძალიან კაშკაშა ნათება", რომელიც მისი საჰაერო ხომალდის მარცხენა მხარეს გამოჩნდა. სწრაფად მფრინავმა ობიექტმა მიმართულება მოულოდნელად შეცვალა და ჩრდილოეთით აიღო გეზი.

მოგვიანებით კიდევ ერთმა პილოტმა თქვა, რომ უცნაური მანათობელი ობიექტი მანაც დაინახა და ის სისწრაფის გამო მეტეორი ეგონა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოდიოდა.

მეორე პილოტის სიტყვებით, ამოუცნობი მფრინავის ტრაექტორიას კიდევ რამდენიმე ობიექტები მიჰყვებოდნენ და ყველა მათგანი კაშკაშებდა.

"მიხარია, რომ ეს მხოლოდ მე არ დამინახავს", - დასძინა მან.

ერთი პილოტის სიტყვებით, ობიექტების მოძრაობის სიჩქარე ხმაზე ორჯერ უფრო სწრაფი იყო, რაც საათში 2 469 კილომეტრს ნიშნავს.

ავიაციამ ცნობებზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა BBC-ის ცნობით, მის მიმდინარეობაზე კომენტარის გაკეთება არაადეკვატურად მიაჩნია.