არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე პირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით ურეკავენ და ეკითხებიან, იღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. ამის შესახებ On.ge-ს მკითხველმა აცნობა.

ნომერზე, რომლიდანაც ჩვენს რესპონდენტს დაურეკეს, On.ge-მაც დარეკა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიყავით მოქალაქე, რომელმაც მათგან ზარი მიიღო და აინტერესებდა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ.

თავდაპირველად ქალმა გვითხრა, რომ ცესკოდან რეკავდა და უბრალოდ ინტერესდებოდა, მივდიოდით თუ არა არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ ცესკო მსგავსს გამოკითხვას არ ატარებს, პირველი ინფორმაცია შეცვალა და თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდანაა. კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა რომელიმე ორგანიზაციას ან პარტიას, ქალმა პასუხი არ გაგვცა და ტელეფონი გათიშა.

On.ge-ს ცესკოში განუცხადეს, რომ მსგავსს გამოკითხვას ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ატარებს და არც არასდროს ჩაუტარებია. ცესკო-ს პრესსპიკერი ანი მიქელაძე დაინტერესდა ნომრით, რომელიც ცესკოს სახელს ინფორმაციის მისაღებად იყენებს. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია მას და რეაგირების შემდეგ, საარჩევნო კომისიის დამატებით კომენტარს შემოგთავაზებთ.