ჩინეთის მთავრობა ახალი სათვალთვალო სისტემის გამოყენებას იწყებს. სისტემა ადამიანების ამოცნობას მათი ტანის ფორმისა და სიარულის მანერით ახდენს, რაც კამერაში სახის დაფიქსირების საჭიროებას აქრობს.

პეკინის ქუჩების ნაწილში ახალი სისტემა ჩინეთის პოლიციის მიერ უკვე გამოიყენება.

ახალ სისტემას ადამიანების ამოცნობა 50 მეტრის სიშორიდან შეუძლია, მაშინაც კი, როცა ისინი კამერისკენ ზურგით დგანან. ახალი მეთოდი ადამიანებისგან არანაირ კოოპერაციასა და ჩართულობას არ მოითხოვს. სისტემა საკმაოდ ზუსტია, მას ვერც კოჭლობით მოატყუებთ და ვერც ჯოხის ტარებით, რადგან პროგრამა მთელი სხეულის მოძრაობას აკვირდება.

ჩინეთის პოლიცია სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ქუჩებში უკვე აქტიურად იყენებს, თუმცა ამ მეთოდს ერთი მინუსი აქვს, ადამიანის ამოსაცნობად სახის მაღალი ხარისხის სურათი ან ვიდეოა საჭირო, ახალ სისტემას კი მსგავსი მოთხოვნა არ აქვს.

ფოტო: Associated Press

ჩინელი კომენტატორი და ჟურნალისტი ში სუსი აცხადებს, რომ ჩინეთში მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება გასაკვირი არ არის, რადგან ბიომეტრიული ტექნოლოგიებით საზოგადოების კონტროლი და მართვა უფრო და უფრო ეფექტური ხდება. თუმცა, საზოგადოების ნაწილში ეს უკმაყოფილებას იწვევს.

სიარულის მანერის დაფიქსირება პროგრამულად საკმაოდ რთულია, ამისათვის საჭიროა მძლავრი კომპიუტერები, რომლებსაც ვიდეოდან ადამიანის სილუეტის გამოცალკევება და მისი გაანალიზება შეუძლიათ.

Watrix-ის მიერ შემნილი პროგრამა უწყვეტ რეჟიმში ჯერჯერობით ვერ მუშაობს, თუმცა კომპანიამ ერთი თვის წინ პროექტის დასაჩქარებლად 14 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიპოვა, რაც ალბათ ნიშნავს, რომ სისტემის დასრულებულ ვერსიას მალე ვიხილავთ.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის ტექნოლოგიები ცხოვრებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.