საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ არასამთავრობოების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს სიძულვილის ენის დეფინიცია სწორად არ ესმის.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი აპელირებს და ამბობს, რომ პოლიტიკური გარემო უნდა იყოს მშვიდი. მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორსაც მიაჩნია, რომ პოლიტიკური გარემო უნდა იყოს მშვიდი.

"თუმცა ჩვენი შეფასებით ეს დაძაბულობა, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგია. ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება გვევლინება სიძულვილის მთესავად", — ამბობს მშვენიერაძე On.ge-სთან საუბრისას.

მშვენიერაძე განმარტავს, რომ სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის გამოხატვის საზღვრების შეზღუდვა ეთნიკურ, რელიგიურ, რასობრივ ან მსგავსი ნიშნებით გამოხატულ სიძულვილს ეხება, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მიმართ უარყოფით განწყობებს ახალისებს.

"ქალბატონ სალომეს არ ესმის თავად სიძულვილის ენის, როგორც დეფინიციის, მნიშვნელობა, ამიტომ სჯობს ჩაუღრმავდეს. აქ არ მოიაზრება პოლიტიკური შინაარსი, რადგან პოლიტიკური მოტივით, შესაძლოა, ადამიანები ერთმანეთს ვერბალურად თავს ესხმოდნენ, გამოხატავდნენ კრიტიკას და შესაძლოა, მათი გამოხატვა შეურაცხყოფის ზღვარსაც აღწევდეს, ასეთია დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოცდილება", — აცხადებს მშვენიერაძე.

ის განმარტავს, რომ, როცა არასამთავრობო სექტორი სიძულვილის ენაზე საუბრობს სხვადასხვა პოლიტიკოსების ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ გამოხატვას გულისხმობს და არა პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთზე იერიშის მიტანას.

სალომე ზურაბიშვილი VS არასამთავრობოები

სალომე ზურაბიშვილის "გაუგებრობა" არასამთავრობოებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ოქტომბერს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქსენოფობიური შინაარსის განცხადება გააკეთა და უარყოფით კონტექსტში მოიხსენია მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. ამ განცხადების გამო 15-მა NGO-მ ზურაბიშვილი გააკრიტიკა და მისი განცხადება ქსენოფობიურად შეაფასა.

ზურაბიშვილმა არასამთავრობოებს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე უპასუხა. ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ "არანაირი მტკიცებულების საფუძველზე გაილაშქრეს" არასამთავრობოებმა, რომელთაც "მის მიმართ განხორციელებული სიძულვილის ლექსიკის დასაგმობად სიტყვა არ დაუძრავთ".

ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობოებთან შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორს პატივს სცემს და "როგორც პრეზიდენტს", მათთან ურთიერთობა დასჭირდება.