სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა imitom.ge-ზე

როცა საქმე საბჭოთა კავშირს ეხება, ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან. ერთნი ამბობენ, რომ ცხოვრება კარგი იყო, 37 მანეთად დაფრინავდი მოსკოვებში, სახლი, სამსახური და საჭმლის ფული ყველას ჰქონდა და ა.შ. მეორენი გაცხარებით ამტკიცებენ, რომ კომუნიზმი მონობაა და მთელი 70 წლის განმავლობაში ხალხი სწორედ რომ მონობაში ცხოვრობდა. მესამე კი - “საბჭოთა კავშირი ცუდი იყო, მაგრამ...” ტიპის ხალხია, რომელიც არ არის დარწმუნებული, თუ რომელ მხარეს მიეკუთვნოს.

საბჭოთა კავშირი მარქსისტული იდეოლოგიით მოქმედებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომუნიზმს სიღრმისეულად გავეცანი, მივხვდი, რომ ჭეშმარიტი კომუნიზმი საერთოდ არ ჰგავს იმ სისტემას, რაშიც ჩვენი ბებია-ბაბუები და მათი წინაპრები ცხოვრობდნენ.

- მოიცა, მოიცა, საბჭოთა კავშირი კომუნიზმი არ ყოფილა?

კიც და არაც. მოდი დავიწყოთ თავიდან.

როგორ დაძრწოდა აჩრილი ევროპაში, ანუ დაბადება

ფოტო: imitom.ge

კომუნიზმი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგია, დაიბადა მე-19 საუკუნეში. ამავე დროს ევროპაში მიმდინარეობდა მასიური ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. ანუ, სიტუაცია რომ აღვწეროთ, დაახლოებით ასეთი იქნებოდა: ვინმე სოფლად მცხოვრებმა ჯეელმა გადაწყვიტა, რომ არ უნდა მამასავით მიწების თოხნა, გადაწყვიტა, წავიდეს გოროდში და იქ დაფუძნდეს. ქალაქში ჩასული იწყებს ვინმე მისტერ სმიტის ფეხსაცმლის ქარხანაში მუშაობას. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ეს ჯეელი ერთი კი არა - ათასია. სოფლად სიტუაცია უკეთესდება, მეტი მიწა ნაკლებ ხალხს რჩება და მეტი მოსავალი აქვთ, მეტს ყიდიან და მეტი შემოსავალიც რჩებათ. მაგრამ გოროდში გადმოსული ჯეელები არც ისე კარგ მდგომარეობაში არიან - მუშახელის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს, შესაბამისად, მათი დაქირავება მისტერ სმიტს იაფი უჯდება. ამიტომ, ჯეელებს მცირე ხელფასის სანაცვლოდ უწევთ მუშაობა. და აი, ამ დროს მოევლინა კომუნიზმი მუშათა კლასს მესიად. იდეოლოგია, რომელიც თანასწორობასა და ამხანაგობას ქადაგებს.

კომუნიზმის სოციალური ასპექტები

თავისუფლება და კრეატიულობა

პირველი, რასაც კომუნიზმი ამბობდა იყო სამუშაო საათების შემცირება. შემდეგ უკვე მუშებსა და მფლობელებს შორის ეკონომიკური თანასწორობის დამყარება, ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მისტერ სმიტის ქარხანა უკვე არა მარტო სმიტის, არამედ ყველა იქ მომუშავე პერსონალის გახდა. მოგება თანაბრად ნაწილდებოდა ყველას შორის. კარლ მარქსის აზრით, კაპიტალიზმი ადამიანებს აიძულებდა, თვითგადარჩენისითვის ბევრი საათით ემუშავათ. კომუნიზმში კი ისინი თავისუფლდებოდნენ. სამუშაო საათების შემცირებით დარჩენილ დროს თვითგანვითარებას მოახმარდნენ, ნამდვილი სიმდიდრე კი სწორედ თვითგანვითარებაში მოხმარებული დროაო, ამბობდა.

ფოტო: imitom.ge

პოლიტიკა

მარქსის და ენგელსის აზრით, მთავრობა მხოლოდ კაპიტალიზმში არსებობს. ის ამბობდა, რომ კომუნისტურ საზოგადოებას სახელმწიფო ორგანიზაციები არ სჭირდება. მთავრობა საჭიროა იმისთვის, რომ დაარეგულიროს თავისუფალი ბაზარი, მოითხოვს იერარქიულ ეკონომიკურ სისტემას და კერძო სკუთრების კონტროლს. ხოლო იმის გამო, რომ კომუნიზმში არც კერძო საკუთრება არსებობს, არც თავისუფალი ბაზარი და მით უმეტეს, არც იერარქიას ვხვდებით სადმე, სახელმწიფოს როლი უბრალოდ იკარგება.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ინსტიტუტებს - მათი დანიშნულება შეიცვლება, რადგან წესებს და კანონებს უკვე საზოგადოება ადგენს, მათი ფუნქცია ამ ყველაფრის ადმინისტრირება გახდება. ანუ კომუნიზმი, თავისი გაგებით, დემოკრატიული სისტემაა. არა ისეთი, როგორსაც დღეს ვხვდებით, პირიქით, საზოგადოება მართავს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს პირდაპირ და უშუალოდ. საბოლოო ჯამში კომუნისტური სისტემა სამართლიანი და უკონფლიქტო გახდებოდა, იმდენად, რომ კანონების არსებობას საერთოდ აღარ მოითხოვდა.

გარდამავალი ეტაპი

მარქსის აზრით, კაპიტალიზმიდან კომუნიზმზე გადასასვლელად აუცილებელი იყო მუშათა კლასის რევოლუცია. ამას მოყვებოდა ე.წ. “პროლეტარიატის დიქტატურა”. თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო დიქტატურა თავისი ტრადიციული გაგებით, მუშათა კლასი უნდა ყოფილიყო დომინანტი, თუმცა დროებით. ხალხისთვის ამ დროს თავისუფალი ბაზარი ნელ-ნელა ჩანაცვლდებოდა კომუნიზმით. ბუნებრივი რესურსები, კომპანიები და სამუშაო ადგილები მთლიანად გახდებოდა საზოგადოების. გადავიდოდნენ დაგეგმილ წარმოებაზე, როგორიც იყო სტალინის 5-წლიანი გეგმები.

კომუნიზმის ეკონომიკური ასპექტი

როგორც უკვე ვახსენე, კომუნიზმში არ არსებობს კერძო ბიზნესები. ყველანაირი ქონებრივი სიკეთე, რაც ქვეყანას გააჩნია, თავისი ბუნებრივი რესურებიანად არის საზოგადოებრივი სიკეთე.

ფოტო: imitom.ge

ამ ყველაფერს თავად საზოგადოება, კომუნა მართავს. შექმნილი დოვლათი თანაბრად ნაწილდება ყველას შორის და შრომა ნებაყოფლობითია. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება სოციალიზმსა და კომუნიზმს შორის. სოციალიზმში თუ არ მუშაობ, არაფერი გეკუთვნის. დოვლათიც არა თანაბრად, არამედ კონტრიბუციის მიხედვით ნაწილდება. კომუნიზმში კი - თანაბრად, საჭიროებისამებრ, გინდ გიმუშავია, გინდ - არა. აქ ჩნდება ერთი ფრიად რაციონალური კითხვა - თუ არავინ მაიძულებს მუშაობას და ფულს მაინც მაძლევს, რა მოტივაცია მაქვს მე რომ ვიმუშაო? კომუნისტების აზრით, შრომა ადამიანისთვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორიცაა ჭამა, დალევა, სექსი. კომუნისტებს ასევე სჯერათ, რომ შრომისას ადამიანი საკუთარ მაქსიუმს დადებს. თუმცა ესეც ალოგიკურია - თუ მე ვხედავ, რომ მეტს ვაკეთებ, მაგრამ მაინც თანაბრად “ვჯილდოვდებით”, მოტივაცია მეკარგება. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა. ამით კი ეკონომიკა ისე ვერ იზრდება, როგორც შეუძლია რომ გაიზარდოს.

კომუნიზმი ინ ექშენ

ფოტო: imitom.ge

ერთია იდეოლოგია, როგორც თეორია და მეორეა ამის პრაქტიკაში გადმოტანა. განვიხილოთ მაგალითად საბჭოთა კავშირის მაგალითი:

კვლავ პოლიტიკა და პოლიტიკური რეპრესიები

ამხანაგი ლენინი მთლად არ ეთანხმებოდა მარქსის გარდამავალ პერიოდს. ის ფიქრობდა, რომ მუშათა კლასი ვერ შეძლებდა ქვეყნის ისე ეფექტურად მართვას, როგორც რამდენიმე ჭკვიანი ტიპი. ეს რამდენიმე ჭკვიანი ტიპი გააერთიანა პოლიტიკურ კომუნისტურ პარტიაში, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა ამ მუშათა კლასისთვის. მისი გეგმის განსახორციელებლად, ეს პარტია უნდა გამხდარიყო შეუცვლელი და ავტორიტარული. ანუ ისე გამოვიდა, რომ ეს ვითომ დროებითი პროლეტარიატის დიქტატურა ნამდვილ დიქტატურაში გადაიზარდა. მეტსაც გეტყვით, საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო ყველანაირი ოპოზიცია, რაც კომუნიზმს “საფრთხეში აყენებდა”, ანუ ყველა არაკომუნისტური პარტია. ამას შემდგომ მოყვა ლენინის სიკვდილი და ე.წ. “დიდი წმენდა”. დიდი წმენდის დროს ბოლშევიკების მხრიდან ხდებოდა: გლეხების რეპრესია, ეთნიკური უმცირესობების ციმბირში და სხვა დაუსახლებელ ადგილებში გადასახლება, ოპოზიციის დევნა, დაკავება და დახვრეტა. 1937-38 წლებში მსხვერპლთა რაოდენობა ოფიციალურად დაახლოებით 682 ათასი იყო, თუმცა რეალური რიცხვი შეიძლება 2 მილიონამდეც ადიოდეს. თურმე მოსკოვში 37 მანეთად გადაფრენას თავისი, გაცილებით მაღალი ფასი ჰქონია.

ფოტო: imitom.ge

განათლება

საბჭოთა კომუნიზმი გვეუბნება, რომ ადამიანი არის ისეთი, როგორსაც მას გავზრდით. მისი აზრით, ადამიანი ქარხნული პროდუქტივითაა, შეიძლება მისი თვისებების ხელოვნურად “გამოძერწვა”. ძერწვის პროცესი იწყება ბავშვობიდან. როცა პატარა რამე ცუდს გააკეთებს, უნდა დავსაჯოთ, რომ იგივე არ გააკეთოს და პირიქით. ამით კი მისი შეხედულებები და ინტერესები ყალიბდება. იმავეს გვეუბნება ქცევითი ფსიქოლოგია და ზუსტად ამ მეთოდს მიმართავდა საბჭოთა კავშირი განათლების სისტემაშიც. საბჭოთა კავშირის შექმნის დღიდან მიმდინარეობდა განათლების პროპაგანდა. ისინი ადამიანებს უბიძგებდნენ სწავლისკენ. შეიძლება ბებია-ბაბუათქვენებისგან გაგიგიათ კიდეც, “შე ოროსანო” ყველაზე დიდი დამცირება რო იყო. რელურად არავის აინტერესებდა, შენ ეს საგანი არ მოგწონდა თუ არ გესმოდა, უნდა გესწავლა. განათლება კი მთლიანად სახელმფიწოს ხელში იყო. მოკლედ, ახალგაზრდებს შთააგონებდნენ სწავლას და შემდეგ რასაც უნდოდათ იმას ასწავლიდნენ, “ძერწავდნენ” (მათ შორის ლენინისა და სტალინის ბიოგრაფიაც ისწავლებოდა).

ფოტო: imitom.ge

თავისუფლება

საბჭოთა კავშირში 80-იან წლებამდე ყველაფერი ცენზურის ქვეშ იყო. ყველა, ვინც სისტემის წინაშე გამოვიდოდა, ან უბრალოდ, ისეთ რამეს იტყოდა, რაც ზემდგომ პირებს არ მოსწონდათ, მკაცრად ისჯებოდა. ასეთი შინაარსის მატარებელი წიგნები და ნახატები იკრძალებოდა. ხოლო იმის გამო, რომ ეკლესია ეროვნულ იდეებს აფრქვევდა და დიდი გავლენითაც სარგებლობდა, ათეიზმს ავრცელებდნენ, რელიგიებს დევნიდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ. სტალინის მოსვლასთან ერთად შრომა გახდა სავალდებულო. ანუ ადამიანები, თუ არ მუშაობდნენ, ისჯებოდნენ. ეს კი არღვევს მარქსის შეხედულებას კომუნიზმის შესახებ. როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, ის პირდაპირ გვეუბნება, რომ შრომა ნებაყოფლობითი უნდა იყოს. კომუნიზმი კი თავისი არსით არც გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. თუმცა პრაქტიკაში, კომუნიზმი ამ მხრივ უფრო დიქტატურაში გადადის ხოლმე.

ეკონომიკა

ეკონომიკა საბჭოთა კავშირში მკაცრად ცენტრალიზებული იყო. მცირე გამონაკლისების გარდა არ არსებობდა კერძო ბიზნესები, ყველაფერი მთავრობის ხელში იყო. წარმოება ხდებოდა არა მოთხოვნის, არამედ 5-წლიანი გეგმების მიხედვით. კი, საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერი იაფი იყო. მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიაში შეხვედით და ყველაფერი 10 თეთრი ღირს. რამდენ რამეს იყიდდით? ასე ფიქრობდა ყველა. შეიძლება დღის ბოლოს რომ შესულიყავით იმავე მაღაზიაში, უკვე აღარაფერი ყოფილიყო. მოკლედ, ყველაფერი დასწრებაზე და დეფიციტში იყო. ამიტომ, გენიოსმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხალხის რაციონი გაეწერა - კვოტები. ანუ შენ, შენი ოჯახის სულადობის მიხედვით, გქონდა განსაზღვრული, თვის მანძილზე რამდენი პურის ყიდვა შეგეძლო. ამის ყიდვასაც მხოლოდ მაშინ შეძლებდი, თუ მიუსწრებდი. მუდამ დეფიციტური საკვები იყო ხორცი. ამიტომ მოსახლეობას უწევდა კრეატივის ჩართვა - ტვინისგან, ღვიძლისგან, ენისგან საკვების დამზადება, რომ როგორმე ბოლომდე “შეერგოთ” როცა ჰქონდათ. ამავე დროს ტელევიზორში აჩვენებდნენ, თუ როგორი უბედურები იყვნენ დასავლეთის ქვეყნებში. აჩვენებდნენ ღარიბ, უსახლკარო ხალხს, საჭმელი არ აქვთ კაპიტალიზმის პირობებშიო და ამით თითქოს არწმუნებდნენ მოსახლეობას, რომ კომუნიზმი საჭირო და კარგია.

ფოტო: imitom.ge

აღარ მაქვს საუბარი ჩაკეტილ სისტემაზე - საზღვარს რომ ვერ გადაკვეთდი თუ სპორტსმენი არ იყავი, უცხოური საქონელი რომ არ მოიპოვებოდა და სხვა. ადგილობრივი ბაზარი არ იყო იმდენად განვითარებული, რომ ხარისხიანი პროდუქცია შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. არცაა გასაკვირი, რადგან კომუნიზმი, როგორც უკვე ვახსენეთ, “ზედმეტი” საქმის გაკეთების მოტივაციას სპობს. ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ; პირველი სატელიტი საბჭოთა კავშირში ააწყვეს. ვაბშემც, თუ მეცნიერი იყავი, ყველაზე მაგარ ტიპად ითვლებოდი. თუმცა ამ ყველაფერს, ჩემი აზრით, სხვა ქვეყნებისთვის რაღაცების დასამტკიცებლად უფრო აკეთებდნენ. აკეთებდნენ მიღწევებისთვის, აი, ასეთი მაგრები იმიტომ ვართ რომ კომუნისტები ვართო. ხოლო სისტემის შიგნით სულ სხვა რაღაცები ხდებოდა. ავიღოთ მაგალითად ტრანსპორტი. 1970 წლისთვის მოსახლეობის სულ რაღაც 0.8 პროცენტს ჰყავდა მანქანა (განსხვავებით აშშ-გან, სადაც ყოველ მეორეს ჰყავდა). მანქანის ყოლის უფლება არც ისეთი მარტივი ასაღები იყო. ან ვინმე უნდა მოგესწყიდა, ან რაღაც განსაკუთრებული უნდა გაგეკეთებინა ქვეყნისთვის, ან ჩინოვნიკი უნდა ყოფილიყავი. სწორედ ამიტომ, ყველას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უწევდა. ამას თან ახლავს თავისი პრობლემები - სატრანსპორტო სისტემას ყოველთვის უნდა განახლება. ტრანსპორტზე მოთხოვნა მუდამ იზრდება. საბჭოთა კავშირს კი აღარ უნდოდა ამაზე მეტი ფულის დახარჯვა. ტექნიკა იყო მოძველებული, ტრანსპორტი სულ გაძეძგილი და არაკომფორტული. საქმეს აკეთებდა, მაგრამ მომხმარებელს კომფორტს არ უქმნიდა. თუმცა კომუნიზმის პირობებში წარმოების მიზანი სულაც არაა კომფორტის შექმნა - მიზანი სწორედ საჭიროების დაკმაყოფილებაა.

ჭკვიანი ბებოები + შავი ბაზარი

თამამად ვიტყვი, რომ კომუნიზმში შეუძლებელია კორუფციის გარეშე ცხოვრება. საბჭოთა კავშირიც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ადგილი იყო, გინდ ჩინოვნიკების მხრივ, გინდ უბრალოდ - მოსახლეობის. ზემოთ ვილაპარაკე დეფიციტზე. იმაზე, რომ ხალხს რიგებში უწევდათ საათობით დგომა. ჭკვიანი და უსაქმური ბებოები ამით ხეირობდნენ. დადგებოდნენ რიგში, მოვიდოდა გამვლელი, რომელსაც ეზარება რიგში დგომა. ის ბებოს გადაუხდიდა ადგილის სანაცვლოდ. ბებო კი რიგის ბოლოში დადგებოდა და ეს პროცესი ასე გრძელდებოდა. მაგრამ ყველას ასე არ უწევდა ცხოვრება. თურმე ჩვეულებრივი ფულის გარდა არსებობდა ე.წ. სერტიფიცირებული მანეთი.

ფოტო: imitom.ge

ამ ფულს მთავრობა უშვებდა და უცვლიდა ხალხს უცხოურ ვალუტაში. ზოგიერთი ადამიანი, ვისაც იმის ბედნიერება ჰქონდა, რომ როგოღაც დოლარები “გაეჩითა” - ნაცნობებისგან ან მოგზაურობისგან, ჩათვალეთ, საბჭოთა კავშირშიც მაგრად ცხოვრობდა. ამ მანეთს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივს. ამის დახმარებით შეგეძლო, იმ რიგებისთვის თავი აგეცილებინა, ახალი ხილი და ხორცი გეყიდა თუ სხვა. იგივე ხდებოდა იმ შემთხვევებშიც, თუ მაგალითად, დივანის ყიდვა გინდოდა. დივანი ალბათ სულ რაღაც 50 მანეთი ღირდა, თუმცა უბრალოდ შესვლის და ყიდვის უფლება არ გქონდა. ან ლატარეაში უნდა მოგეგო, ან უკეთესი - ვინმე მოგექრთამა. ეს ვინმე ხშირად რომელიღაც ჩინოვნიკი იყო. საბოლოო ჯამში კი ისე გამოდიოდა, რომ ეს 50 მანეთიანი დივანი გაცლებით ძვირი ღირდა - დაახლოებით იმდენივე, რამდენიც დღეს ღირს. შეიძლება მეტიც. უბრალოდ ფული არალეგალურად ტრიალებდა. ის მოსკოვში 37 მანეთად გადაფრენაც არ ყოფილა მთლად 37 მანეთი. ნაცნობები უნდა გყოლოდა ყველგან. რაც შეეხება შავ ბაზარს, თუ შენ ისეთი რაღაცის ყიდვე გინდოდა, როგორიცაა ჯინსი, სიგარეტი, ზოგიერთი ალკოჰოლური ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალებები თუ სხვა, შავი ბაზრის გარდა სხვა გამოსავალი არ გქონდა. აკრძალულ პროდუქტებს რომ დავანებოთ თავი, ისეთი დეფიციტი იყო, ზოგიერთი შაქარსაც ამ ხერხებით ყიდულობდა. შეიძლება სამედიცინო მომსახურებაც მიგეღო, ექიმბაშებს რომ ეძახიან. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ სახელმწიფო სტუქტურებშიც კი, ვინც რეალურად მმართველები იყვნენ, ვინც თანასწორობას და უკლასო საზოგადოებას ქადაგებდნენ, ყველაზე მდიდრულად ცხოვრობდნენ სინამდვილეში. ესენიც იყენებდნენ შავ ბაზარს და “ნაცნობებს” (მამენტ, ესენი იყენებდნენ, თუ იყენებდნენ).

ფოტო: imitom.ge

და ბოლოს, მარტო საბჭოთა კავშირით რომ არ შემოვიფარგლო, რამდენიმე სხვა კომუნისტური სისტემის მაგალითს მოგიყვანთ:

ჩრდილოეთ კორეა

ფოტო: imitom.ge

ჩრდ. კორეა, შეიძლება ითქვას, დღეს ყველაზე “პაპსა” კომუნიზმის მაგალითია. ძალიან ჩვეულებრივი დიქტატორული მმართველობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად დემოკრატიული რესპუბლიკაა. ინტერნეტი აკრძალულია მათთან, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით პირველ ადგილას არიან. მთავრობა განთქმულია ტრეფიკინგით და ხალხის წამებით. საზღვრის დატოვება კი არალეგალურია. მხოლოდ სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და სპორტსმენებს შეუძლიათ. მაღაზიები დღემუდამ დაცარიელებულია. სამაგიეროდ, აი ევროპაში რო წახვალ სადმე და როგორც კი მოსაღამოვდება, ყველა კუჩის კუთხეში დილერი ჰაშიშს რომ გთავაზობს, აი ეგეთი დილერები დგანან. ოღონდ, ჰაშიშის გარდა კბილის პასტას, ტუალეტის ქაღალდს და პურს გთავაზობენ. ნაცნობი სიტუაციაა, მგონი.

ვენესუელა

ფოტო: imitom.ge

აი, ტიპები რა უტვინოები არიან, რა. ოქრო აქვთ, ნავთობი აქვთ, თან ძაან ბევრი. მაგრამ ყველაფერი მთავრობის ხელშია და ვეღარ ყიდიან. არავინ აღარ ენდობა უკვე. შემოვლენ უცხოელი ინვესტორები, რაღაც კარგს გააკეთებენ, მერე მოვა “ჭ” კომუნისტური პარტია და გააძევებს ქვეყნიდან. ჭ-ს მოსვლასთან ერთად მაღაზიებიდან ქრება ტუალეტის ქაღალდიც. სამაგიეროდ, ისეთი ჰიპერინფლაციაა, რომ სჯობს ფული გამოიყენო ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად, უფრო იაფი დაგიჯდება.

კამბოჯა

ხმერ რუჟის რეჟიმი - ძალიან ჰყავს დიდ განწმენდას. ეს რეჟიმი იყო ავტოკრატიული, ქსენოფობიური, პარანოიული და რეპრესიული. რეჟიმის ერთ-ერთი მიზანი იყო გენოციდი, რასაც სტალინი ციმბირში გადასახლებით აგვარებდა. ამ რეჟიმმა კამბოჯის დაახლოებით მეოთხედი - ორი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მათ რადიკალური ზომებიც მიიღეს და ქორწინების გარეშე სექსი აკრძალეს, რაც სიკვდილით ისჯებოდა. დემოგრაფიაზე ვზრუნავთო. აქეზებდნენ გარიგებებსაც. გავრცელებული მოსაზრებაა, თითქოს ხმერ რუჟის რეჟიმი გაუნათლებლობის პროპაგანდას ახდენდა. სინამდვილეში ისიც საბჭოთა კავშირის მოდელით მოქმედებდა - აკონტროლებდა, თუ რა უნდა ესწავლა ხალხს. თუმცა ინტელექტუალებს ისიც დევნიდა. ხმერ რუჟის მთავრობა აწამებდა, აპატიმრებდა და კლავდა ყველას, ვიზეც ფიქრობდა, რომ სისტემისთვის საფრთხე იყო (ისევე როგორც სტალინი). აღინიშნება კიდევ ერთი მსგავსება - რელიგიის დევნა. კამბოჯა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ 2010-ში კანონი მიიღეს, რომელიც კორუფციას კრძალავს. კორუფციები ვრცელდება მოსამართლეებზე, პოლიციასა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზეც. ასევე სამედიცინო მომსახურებაზე. როცა რაღაცის ლიცენზია ან ნებართვა გჭირდება, ქრთამი ყველაზე მოკლევადიანი და მარტივი გამოსავალია. გოთემ სითის მაგონებს.


და რატომ ვიბოდიალე ამდენი? იმიტომ რომ მომბეზრდა ტაქსისტების გაუჩერებელი ქებაი და დიდებაი კომუნიზმისა, რასაც თან კაპიტალიზმის გინება ახლავს. საერთოდ არ ვარ კომუნიზმის, როგორც იდეოლოგიის წინააღმდეგი (მიუხედავად იმისა, რომ მე ალბათ მსგავს სისტემაში არ ვიცხოვრებდი). მაგრამ ერთია თეორია და მეორეა პრაქტიკა. ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე კომუნიზმის არა-დიქტატორული ვარიანტი. ვერ ვიპოვე ისეთი კომუნისტური სისტემა, რასაც ათასობით ხალხი არ ეწირება, სადაც ქვეყანა კორუპციით არაა გაჟღენთილი, სადაც ხალხს არ აწამებენ, სადაც თავისუფალი განვითარების და გამოხატვის უფლებას აძლევენ. კომუნიზმი პრაქტიკაში არის მონობა.