მოგზაურობისას ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. გაუთვალისწინებელი ხარჯები ხშირად იმდენად ბევრია, რომ მნიშვნელოვან აქტივობებზე ფული აღარ გვყოფნის ხოლმე. განსაკუთრებულად დიდი თანხები ტრანსპორტირებაში გვეხარჯება, მით უმეტეს მაშინ, როცა წინასწარ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ვიმგზავროთ იაფად. ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელი ტრანსპორტის ძებნა ადგილზე გვიწევს.

ხშირად მოგზაურები შეცდომას უშვებენ და არასწორ არჩევანს აკეთებენ, როცა ტაქსით მგზავრობას ირჩევენ. სინამდვილეში, ევროპის ქალაქებში აეროპორტიდან ცენტრამდე მგზავრობა გაცილებით უფრო იაფადაც შეიძლება.

1. ავსტრია, ვენა

ფოტო: CAT

ვენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად მოგზაურებს სამი ძირითადი არჩევანი აქვთ: ტაქსი, მატარებელი და ავტობუსი. თითოეულ შემთხვევაში მგზავრობის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 40 ევრო ჯდება და ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად მას 20 წუთი სჭირდება. 40 ევროს ერთჯერადად გადახდა, რა საკვირველია, არავისთვისაა მიზანშეწონილი და სასურველი, მით უმეტეს, როცა სხვა ტრანსპორტით მგზავრობა სამჯერ უფრო იაფი ჯდება.

რაც შეეხება მატარებელს, აქ ორი არჩევანია. CAT ტიპის მატარებელში ერთი ადამიანისთვის ბილეთის ფასი 12 ევროა. მატარებელი დილის ექვსი საათიდან იწყებს მუშაობას და საღამოს 12 საათამდეა ხელმისაწვდომი. მას ქალაქის ცენტრამდე მისაღწევად 16 წუთი სჭირდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია აეროპორტში როგორც ავტომატებიდან, ასევე საინფორმაციო დახლთანაც. უმჯობესია, ბილეთები წინასწარ დაჯავშნოთ ონლაინ, რადგან მის შეძენას 11 ევროდ შეძლებთ და თან, ადგილებიც გარანტირებული გექნებათ.

ფოტო: Vienna Airport Lines

მეორე მატარებელი S7 კიდევ უფრო იაფია და მისი ბილეთის ფასი 4-5 ევროა, თუმცა CAT-ისგან მარშრუტითა და ინტერიერით განსხვავდება. დიდი ბარგით ამ მატარებლით მგზავრობა უფრო პრობლემური იქნება, თუმცა ფულის დასაზოგად ნამდვილად ღირს. S7 მუშაობას დილის 5 საათზე იწყებს და 00:20 სთ-მდე მუშაობს.

ორივე მატარებლის შემთხვევაში ლოდინის სავარაუდო დრო 30 წუთია, სადგური კი Check-in-ის სივრციდან 5 წუთის გზაზეა.

რაც შეეხება ავტობუსს, მატარებლის მსგავსად ისიც 30 წუთში ერთხელ დადის და ბილეთის ფასი 8 ევროა. ქალაქის ცენტრამდე მას 22 წუთი სჭირდება.

რაც შეეხება ვენაში მოხვედრას, Wizz Air-ით ქუთაისი-ვენას ბილეთები 29,99 ევროდან იწყება.

2. ჩეხეთი, პრაღა

ფოტო: Prague City Hall

პრაღის აეროპორტში არჩევანი შედარებით შეზღუდულია და აქ მხოლოდ ორი ტიპის ტრანსპორტით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ერთ-ერთი ტაქსია, მეორე კი - საზოგადოებრივი ავტობუსი.

ტაქსის სავარაუდო ფასი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე 30 ევროა და მას ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად საშუალოდ 35 წუთი სჭირდება. პრაღაში 30 ევრო საკმარისი ფულია იმისთვის, რომ მთელი დღე ნორმალურად იკვებოთ და ერთი-ორი მუზეუმიც მოინახულოთ. ასე რომ, ამ თანხის დახარჯვა პირველივე დღეს ნამდვილად არ ღირს.

საბედნიეროდ, არსებობს მეორე ალტერნატივაც და ეს ავტობუსია. პრაღის აეროპორტთან რამდენიმე ავტობუსი ჩერდება, თუმცა თქვენ 119 ნომერი დაგჭირდებათ. მართალია, ეს ავტობუსი ქალაქის უშუალო ცენტრამდე არ მიდის, მაგრამ მეტროსთან კი ნამდვილად მიგიყვანთ, საიდანაც ადვილად აღმოჩნდებით ულამაზეს ქუჩებში. ავტობუსის ფასი 1.2 ევროა და ის ყოველ 15 წუთში ერთხელ დადის. ავტობუსები დილის ოთხ საათზე იწყებენ მუშაობას და 23:30-ზე არიან დადიან.

გარდა ამისა, არსებობს მესამე და პრაქტიკაში გამოცდილი ალტერნატივაც. კერძოდ, პრაღის აეროპორტში ახალგაზრდა მოგზაურები ხშირად ეძებენ ტრანსპორტის ფულის თანაგამზიარებლებს, რათა ტაქსი დაიქირავონ და ცენტრში სწრაფად მოხვდნენ. ტაქსიში საშუალოდ 4-5 ადამიანი ეტევა და ამ რაოდენობის ადამიანების შეგროვება არც თუ ისე რთულია. თუ ჯგუფი შეიკვრება, ექვს ევროდ შეძლებთ სასურველ დანიშნულებამდე მისვლას.

რაც შეეხება პრაღაში მოხვედრას, Wizz Air-ით ქუთაისიდან ბილეთები 49,99 ევროდან იწყება.

3. საფრანგეთი, პარიზი

ფოტო: Aeroport Paris Beauvais

საფრანგეთში საქართველოდან ბოვეს აეროპორტში თუ მოხვდებით, ტრანსპორტზე ფიქრი ნამდვილად მოგიწევთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბოვე პარიზის ცენტრიდან 60-80 კილომეტრით არის დაშორებული.

ბოვეს აეროპორტიდან პარიზის ცენტრამდე მხოლოდ ავტობუსით ან ტაქსით მგზავრობა არის შესაძლებელი. არსებობს მატარებლით მგზავრობის შანსიც, თუმცა ამისთვის საკმაო მანძილის გავლა მოგიწევთ ტაქსით.

ბოვეს აეროპორტის ავტობუსის ბილეთი 17 ევრო ღირს, რომელიც ადგილზე ან ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ. ავტობუსში სპეციალურად არის გამოყოფილი ბარგის სათავსო და ჩანთების მუხლებზე დალაგება არ მოგიწევთ. ავტობუსები თვითმფრინავის ყოველი რეისის შემდეგ 20 წუთში გადის და უმჯობესი იქნება, თუ ბილეთებს წინასწარ შეიძენთ. თანაც, ადგილიც გარანტირებული გექნებათ და ამაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ.

მგზავრობის დრო 1 საათი და 15 წუთია, მაგრამ გზაში ულამაზესი ხედები შეგხვდებათ და დროსაც გაიყვანთ. თუ ამ გზას აირჩევთ, თქვენი ბოლო გაჩერება პარიზის დასავლეთ ნაწილში, Porte Maillot Metro-ს ან RER Station-ზე იქნება.

რაც შეეხება ტაქსის, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. აეროპორტიდან პარიზის ცენტრამდე წასვლა მინიმუმ 180 ევრო დაგიჯდებათ, ამ ფასად კი ევროპის სხვა ქალაქებსაც კი ნახავდით.

ქუთაისიდან პარიზში მოხვედრა პირდაპირი რეისით შეიძლება. Wizz Air-ის ბილეთების ფასი 64,99 ევროდან იწყება.

4. უნგრეთი, ბუდაპეშტი

ფოტო: Budapest Info

ბუდაპეშტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების წერტილია მოგზაურებისთვის და შესაბამისად, ყველას აინტერესებს, როგორ შეიძლება აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოხვედრა. ამ ქალაქის შემთხვევაში, ტრანსფერი დიდი პრობლემას არ წარმოადგენს და საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული.

ბუდაპეშტში ტრანსპორტის ორი არჩევანია: ტაქსი ან ავტობუსი. ტაქსის შემთხვევაში მგზავრობა 25 ევრო დაგიჯდებათ, რაც სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით იაფია.

რაც შეეხება ავტობუსს, ბილეთის ფასი ერთი ადამიანისთვის ექვსი ევროა. კარგი ამბავი ისაა, რომ ავტობუსი 24/7-ზე დადის და ამ მხრივ მგზავრებს პრობლემა არ შეექმნებათ. ლოდინის დრო 20-დან 30 წუთამდე მერყეობს, ბუდაპეშტის ცენტრში კი ნახევარ საათში იქნებით.

თუ ბუდაპეშტში გამგზავრებაზე ფიქრობთ, ბილეთების ახლავე ყიდვა სჯობს. მათი ფასი 29,99 ევროდან იწყება.

5. გერმანია, ბერლინი

ფოტო: Deutsche Bahn

ბერლინის შენეფელდის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის არის მატარებელი, მეტრო და ავტობუსი. ამ სამ ტრანსპორტს შორის ფასში სხვაობა მაინც და მაინც დიდი არაა და შეგიძლიათ, გემოვნებით აირჩიოთ რომელი გირჩევნიათ. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია დღის რომელ მონაკვეთში მოხვდებით ბერლინის აეროპორტში.

ერთ-ერთი ვარიანტი ექსპრეს მატარებელია, რომლის სადგურიც აეროპორტის ტერმინალიდან 10 წუთის გზაზეა. მატარებელი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, დილის 4 საათიდან საღამოს 11 სთ-მდე დადის. ერთი ადამიანის ბილეთის ფასი 3.30 ევროა და მისი გამოყენება 2 საათის განმავლობაში მეტროშიც შეგიძლიათ. მატარებელი მეტროსადგურებს უერთდება და ისეთ გაჩერებებზე ჩერდება, როგორიცაა Ostbahnhof, Alexanderplatz და Friedrichstrasse. ამ საკვანძო სადგურებიდან ყველგან მოხვდებით.

მეორე ვარიანტად შეგიძლიათ პირდაპირ მეტრო განიხილოთ. ბილეთის ფასი იგივეა, რაც ექსპრეს მატარებელზე, თუმცა ისეთივე მოსახერხებელი ნამდვილად არ გახლავთ. მისი მთავარი პლუსი ისაა, რომ სამუშაო დღეებში 24 საათის განმავლობაში მუშაობს და თუ თქვენი თვითმფრინავი გვიან დაფრინდება აეროპორტში, ქალაქში მოხვედრას მაინც შეძლებთ. S9 და S45 ხაზი იდეალური გადაწყვეტილებაა თუ დასავლეთ ან აღმოსავლეთ ბერლინში აპირებთ წასვლას, მაგრამ თუ მაინც და მაინც ცენტრში გსურთ მისვლა, მაშინ ხაზის შეცვლა დაგჭირდებათ.

კიდევ ერთი არჩევანი ღამის ავტობუსია, რომელიც იდეალურია დასვენების დღეებში, როცა მეტრო აღარ მუშაობს. ღამის მატარებელს N7-ს აეროპორტიდან პირველი გაჩერება მეტრო Rudow-ის სადგურზე აქვს, საიდანაც უკვე მარტივად შეძლებთ U7 ბანზე გადაჯდომას და გზის გაგრძელებას.

თუ ბერლინი სანახავი ქალაქების სიაში გაქვთ მონიშნული, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ Wizz Air-ით ფრენისას ბილეთების ფასი 39,99 ევროდან იწყება.

ასე რომ, აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლა არც ძალიან ძვირი ჯდება და არც - რთულია. მთავარია, ინფორმაცია სწორად მოიძიოთ და თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ.

თუ ამ საკითხში კარგად გაერკვიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ფიქრობთ ბარგის ზომასა და წონაზე, გეტყვით, რომ Wizz Air ბორტზე ერთი უფასო ხელბარგის (40x30x20 სმ) ატანის საშუალებას გაძლევთ. მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით ისარგებლებენ, საშუალება აქვთ, უფასო ხელბარგთან ერთად, თვითმფრინავის სალონში აიტანონ საგორებელი ჩანთაც (55x40x23 სმ). მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიამ 10კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზება შეიმუშავა. მისი ფასი სულ რაღაც 7 ევროდან იწყება.

Wizz Air-ის ბარგის პოლიტიკას უფრო დეტალურად მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.