2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში ცვლილებები შედის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა

ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება:

  • ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა);
  • არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა);
  • მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა).

წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა. შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო. გარდა ამისა, შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებების ნიმუში

უცხოური ენების გამოცდა

ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო. შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

უცხოური ენების დავალებების ნიმუში:

ლიტერატურის გამოცდა

ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70 და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო.
ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც, 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

ლიტერატურის გამოცდის დავალებების ნიმუში

მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების კრიტერიუმები და მათი განმარტება

გეოგრაფიის გამოცდა

ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი. შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი.

ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით, რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული), ინფორმაციის ანალიზი. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა.

გეოგრაფიის ტესტის ნიმუში