თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, დღეს, 12 ნოემბერს, 2 საათზე თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიური მოტივით თავს დაესხნენ.

უფლებადამცველ ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 7-მდე თავდამსხმელმა ტრანსგენდერ ქალებს დაზიანებები სახისა და თვალის არეში მიაყენა, დაზარალებულებს დაზიანებული აქვთ ყბის ძვლები და ტვინის შერყევა მიიღეს.

"ერთ-ერთი დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის საველე ოფიცერია. იგი ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, მათ შორის სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების, ცხოვრების გაუმჯობესებაში და ეხმარება მათ სხვადასხვა სერვისის მიღებაში", — აღნიშნულია თანასწორობის მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით იძიებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს ტრანსფობიური მოტივით ადამიანებზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმის გამო დაიღუპა.