ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ზაზა სარალიძესა და აქციის სხვა მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება ჰქონდათ. ამის შესახებ დეპუტატმა გუშინ, 10 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისა და დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.

"თუ კარვის დადგმაზეა საუბარი, ზაზა სარალიძეს ამის უფლება გააჩნია. მე ვფიქრობ, მას ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოს. ჩვენ არავის არ შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას,- ეს ჩვენი სტილი არ არის", — განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ზაზა სარალიძის ტრაგედიას ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძის წინააღმდეგ იყენებს.

"ზაზა სარალიძეს თუ უნდა, თხოვნას გაითვალისწინებს ან არ გაითვალისწინებს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამის გამოყენება სასპეკულაციოდ, თითქოს ვიღაცამ აუკრძალა სარალიძეს იქ ყოფნა, ბინძური თამაშია და ნაციონალების ჩვევაში გადაზრდილი სტილი. შეუძლებელია, ხელისუფლებამ ოდნავ მაინც დაარღვიოს გამოხატვის თავისუფლება შვილმკვდარი მამის", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის მერიამ 5 ნოემბერს შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს, წერილი მისწერა. წერილში მერია ითხოვს, რომ სარალიძემ აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად სხვა ადგილზე გამართოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქი საახალწლოდ ემზადება და ამ ადგილის გამოყენება შეუძლებელი იქნება. როგორც მერი განმარტავდა, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ სხვა ადგილი იპოვონ.

ზაზა სარალიძისთვის კონსტიტუციური უფლების, კარვის გაშლის უფლების შეზღუდვის გამო 10 ნოემბერს აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად კარვები მაინც გაშალეს. ასევე შეიქმნა პეტიცია "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!".

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს სარალიძეს კარვის აღება საახალწლო ნაძვის ხის გამო მოსთხოვეს. მისი თქმით, ეს იყო რეკომენდაცია, რომლის გათვალისწინებაც აქციის მონაწილეების პრეროგატივაა.